იუსტიციის სამინისტრო

სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის გაეროს ჯილდო იუსტიციის სახლმა მიიღო

ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში, სახელმწიფო სერვისების კუთხით განხორციელებული რეფორმების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი ხელმძღვანელობს. ქართულ დელეგაციას სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებული სპეციალური ჯილდო გადაეცა.

გაეროს ჯილდოს ფარგლებში რამდენიმე ნომინაციაა წარმოდგენილი, თუმცა იმ ჯილდოს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ახალ ბრენდს გადაეცა, გაერო საჯარო სამსახურის წარმატებული საქმიანობის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო აღიარებას უწოდებს. საქართველო პირველი ქვეყანაა არამარტო რეგიონში, არამედ - მთელს პოსტ საბჭოთა სივრცეში, რომლის პროექტმაც ასეთი აღიარება მოიპოვა. ეს ჯილდო ამ დრომდე არ მიუღია დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ ქვეყანას. სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებული ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა წლებში აშშ, კანადა, იაპონია, გერმანია, შვედეთი, ჰოლანდია, ესპანეთი და სხვა ქვეყნები იყვნენ.

,,ეს არის მაღალი შეფასება, რომელიც ადარებს საქართველოს სისტემას და სხვა ქვეყნებში არსებულ სისტემებს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო არის და ინარჩუნებს რეფორმატორი ქვეყნის სტატუს და, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც გაერო აძლევს მას ასეთ შეფასებას’’-განაცხადა თინა ბურჯალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დაჯილდოების ცერემონიალის გარდა, ქართული დელეგაცია მონაწილეობს გაეროს ყოველწლიურ ფორუმში და სამუშაო შეხვედრებში, რომლის დროსაც სხვადასხვა ქვეყენის წარმომადგენლები საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. დელეგაციები მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება, კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში, გამჭვირვალე და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობა, ელექტრონული მმართველობა. ფორუმის დასასრულს, გაიმართება მინისტერიალი, რომლის მსვლელობისას გამარჯვებული ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელები ისაუბრებენ მათ ქვეყნებში დაგეგმილ რეფორმებსა და კონკრეტულ ღონისძიებებზე. ორდღიანი მუშაობის დასასრულს, მინისტერიალი ერთობლივ კომუნიკეს მიიღებს.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის, ასევე სხვა უწყებების სერვისებია გაერთიანული. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლის კონცეფცია ქართული ნოვაციაა და ამიტომ მის მიმართ ინტერესი დიდია - ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლებმა - ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, მესტიაში, ოზურგეთსა და გურჯაანში ათასამდე უცხოურ დელეგაციას უმასპინძლეს.

კომენტარები