ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: ჯარიმა აბსურდულია და კანონთან არანაირი შეხება არ აქვს

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული  ჯარიმა აბსურდულია და მას კანონთან არანაირი შეხება არ აქვს. ქართული ოცნების ლიდერი არ გამორიცხავს, რომ საჩხერესა და ბაკურიანში მის სახელზე არსებული ქონებაც დააყადაღონ.

”მგონი არ აქვს მნიშვნელობა მათთვის, ჩემს გვარზე არის თუ არა ქონება. სადაც გამივლია ან ვცხოვრობ, შეუძლიათ ყველაფერი დააყადაღონ. მე მათ ქმედებას ვერ განვმარტავ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა აგრეთვე, განაცხადა, რომ იგი ქართულ კომპანიებში წილებს აღარ ფლობს. მისი თქმით, მან "ბანკ ქართუში" თავისი ბოლო წილი 2 მაისს თავის შვილს უტას გადასცა.

კოალიციის ლიდერს ჯარიმის გადახდის ვადა 27 ივნისს ეწურება. კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 მილიონ ლარზე მეტით დაჯარიმდა. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრების შემდეგ ჯარიმები შეამცირა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო "ქართუ ჯგუფისგან" და ბანკი "ქართუსგან" სააქციო საზოგადოების აქციონერთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდებას ითხოვს.

 

კომენტარები