ბაგრატის ტაძარი

პატრიარქი ბაგრატის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ბაგრატის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ პატრიარქმა დღევანდელ საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა. 

,,გავეცი ბრძანება, დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში, ვიდრე არ გავერკვევით დეტალურად, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს. ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ისტორიული და კულტურული ძეგლია და მას ასე უბრალოდ ხელი არ უნდა მოვკიდოთ.’’-განაცხადა პატრიარქმა.

მისი თქმით, რესტავრაციო სამუშაოები საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს და ბევრი რამ არასწორად კეთდება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ საპატრიარქო და მასთან არსებული სპეციალური კომისია აღნიშნულთან დაკავშირებით, შეხვედრებს გამართავს იუნესკოს წარმომადგენლებთან, ასევე იმ მშენებლებთან, რომლებიც სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია 2009 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით დაიწყო. 2010 წელს მსოფლიო მემკვიდერობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლების სიაში ჩაწერა, რის მიზეზადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასახელა. 

კომენტარები