სირიის კრიზისი

ასადის ძალებმა ჰომსზე შეტევა განაახლეს

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ძალებმა განაახლეს მცდელობები ჰომსის პროვინციაზე კონტროლის მოსაპოვებლად. მათმა თავდასხმამ 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თვითმხილველთა მოწმობით, სირიულმა არმიამ არტილერია და რაკეტები გამოიყენა ოპოზიციის სიმაგრეებზე იერიშის მისატანად ჰომსში და ცენტრალური სირიის სხვა ქალაქებში.

სირიაში ასადის წინააღმდეგ ამბოხება 15 თვეა გრძელდება. გაეროს მცდელობა მშვიდობის მოსატანად წარუმატებელი აღმოჩნდა. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ერთმანეთს აბრალებენ.

გაეროს მონაცემებით, ასადის ერთგულმა სამხედრო შენაერთებმა 10,000 ადამიანი იმსხვერპლეს. სირიის მთავრობა საკუთარ დნაკარგებში 2,600 გარდაცვლილს ითვლის. ასადი ძალადობაში უცხოეთიდან მხარდაჭერილ ტერორისტებს ადანაშაულებს.

 

კომენტარები