მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი: რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს სტიპენდიები დაენიშნებათ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში სტუდენტებს შეხვდა, სადაც ახალ ინიციატივებსა და მისაღებ გამოცდებზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მომავალი წლიდან რეგიონებში მცხოვრებ ნიჭიერ სტუდენტებს სპეციალური სტიპენდიები დაენიშნებათ.

,,მომავალ წელს ჩვენ უნდა შემოვიღოთ სტიპენდიები რეგიონების ნიჭიერი სტუდენტებისთვის. როცა ადამიანი კარგად აბარებს და თბილისში, ბათუმში ან ქუთაისში ჩამოდის, საცხოვრებელი სახლი უნდა ვუქირავოთ. ესეც სოციალური სამართლიანობის პრინციპია.’’-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა მომავალი წლის მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ე.წ. 8+1 სისტემა სოციალურ სამართლიანობის პრინციპს აღადგენს და დასძინა, რომ სკოლებში განათლების დონე მკვეთრად არის გაზრდილი.

,,ეროვნული გამოცდებისთვის დიდი ნაწილი რეპეტიტორებთან ემზადებოდა და სოციალური სამართლიანობისთვის თემა დაიკარგა. თუ რეპეტიტორი გჭირდება, ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლაში ერთი პროგრამით ასწავლიან, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი ცალკე პროგრამა იყო. ეს სოციალურ სამართლიანობას არღვევს. ადამიანს უმაღლეს სასწავლებელში უნდა შეეძლოს ჩაბარება იმ საგნების ცოდნით, რასაც სკოლაში ვთხოვთ.’’-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები