კიბერ-თავდასხმა

ირანში სუპერვირუსის ნეიტრალიზება შეძლეს

ირანის ტელეკომუნიკაციების სამინისტრო აცხადებს, რომ სპეციალისტებმა შეიმუშავეს პროგრამა, რომელიც პოულობს ვირუსს Flame და მის ნეიტრალიზებას ახდენს.

ვირუსმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ყველაზე მეტად კი ირანი დააზარალა. ის  გავრცელდა ისრაელში, პალესტინაში, სუდანში, სირიასა და ლიბანში. აღსანიშნავია, რომ საშიშ ვირუსთა შორის, Flame ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსურია, რაც კი დღემდე ყოფილა აღმოჩენილი. Kaspersky-ის ლაბორატორიაში ამბობენ, რომ ასეთი კიბერ-თავდასხმა, დიდი ალბათობით, დაფინანსებულია რომელიმე სახელმწიფოს მიერ. ექსპერტების აზრით, Flame იმდენად სრულყოფილი ვირუსია, ე.წ პროგრამირების შედევრი, რომ მის შესაქმნელად უბრალო ჰაკერების ძალისხმევა საკმარისი არ იქნებოდა და აქ სამთავრობო რესურსებია გამოყენებული.

ვირუსებთან Duqu და Stuxnet შედარებით, Worm.Win32.Flame არა მხოლოდ გადასცემს ინფორმაციას კომპიუტერის ეკრანიდან და მყარი დისკიდან, არამედ იწერს სატელეფონო საუბრებს და „იტაცებს“ მომხმარებლის საკონტაქტო მონაცემებს. ვირუსებით Duqu და Stuxnet ირანის კომპიუტერებზე თავდასხმა გასულ წელს მოხდა, მაშინ ირანის სპეცსამსახურებმა ისრაელი დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, პირველი დაზვერვისთვის იყო გამიზნული, მეორე კი - ირანის ბირთვული ობიექტებისთვის ზიანის მისაყენებლად. ექსპერტების აზრით, Stuxnet-ით განხორციელებული თავდასხმა იმდენად სერიოზული იყო, რომ ირანის ბირთვული პროგრამის განვითარება ორი წლით შეაფერხა.

საინტერესოა, რომ ისრაელის ვიცე-პრემიერმა, მოშე იაალონმა გააკეთა მინიშნება იმაზე, თუ საიდან შეიძლებოდა გაჩენილიყო ირანში Flame. „ის, ვინც ხედავს საფრთხეს ირანის მხრიდან, შეიძლება იღებდეს სხვადასხვაგვარ ზომებს. ისრაელი არის სახელმწიფო, რომელიც უმაღლეს დონეზე ავითარებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. ეს ის ინსტრუმენტებია, რომლებითაც ჩვენ ვამაყობთ, ეს ჩვენთვის სხვადასხვა შესაძლებლობებს ქმნის .“

 

კომენტარები