გამოგონება

Leap Motion სამგანზომილებიანი მაუსი

პირველი ტექნოლოგია, რომელიც კომპიუტერის დამატებითი კონტროლერის გარეშე სამართავად შეიქმნა, Nintendo Wii-ს ეკუთვნის. Microsoft-ის Kinekt-ი კი ოდნავ მოგვიანებით შექმნილი სისტემაა, თუმცა მათი სიზუსტე არც ისე დიდია და მხოლოდ ადამიანის მთლიანი სხეულის და ხელების მოძრაობების აღქმა შეუძლია. ამიტომაც, მათი გამოყენების სფერო ჯერჯერობით კომპიუტერულ თამაშებს ვერ გასცდა და აქაც, მათი მხარდაჭერა ყველა თამაშს არ აქვს. ხოლო Leap Motion-ის სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია, სრულად შეცვლის კომპიუტერის მხოლოდ ხელების მოძრაობით, უკონტროლერო მართვაზე წარმოდგენას.

Leap Motion-ი არის ტექნოლოგია, რომელიც მისი შემქმნელების განცხადებით, „ახალ სიტყვას იტყვის თამაშების, დიზაინის, ქირურგიის და არქიტექტურის სფეროებში”. ის პატარა USB მოწყობილობაა, რომელსაც მილიმეტრის მეასედის სიზუსტით შეუძლია აღიქვას თითების მოძრაობა, რაც მას დღეს არსებულ ყველა აპარატზე 200-ჯერ უფრო ზუსტს გახდის. 70 დოლარის ღირებულების გაჯეტი ზომით საღეჭი რეზინის შეკვრას არ აღემატება, კომპიუტერის მონიტორის წინ, მაგიდაზე ყენდება და მის სამუშაო არეში, რომელიც 4 კუბურ ფუტს (0.11 კუბური მეტრი) შეადგენს, ყველანაირი საგნის მოძრაობას აღიქვამს. შეიძლება ითქვას, რომ Leap Motion-ი არის ერთგვარი „საჰაერო მაუსი”, იმ განსხვავებით, რომ მაუსი ორ განზომილებაში მოძრაობს, Leap Motion-ს კი სამივე განზომილების აღქმის უნარი აქვს. გარდა ამისა, მას Multitouch-ის მხარდაჭერაც ექნება, რაც გულისხმობს, რომ მანიპულირება ერთდროულად ათივე თითით არის შესაძლებელი.

სან-ფრანცისკოში დაარსებულ კომპანია Leap Motion-ს ამ ტექნოლოგიის საჯაროდ გავრცელება აქვს დაგეგმილი. leapmotion.com-ზე ვკითხულობთ შეთავაზებას პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისთვის – ყველა მსურველს, ვისაც ამ მოწყობილობისთვის პროგრამული ნაწილის დაწერა შეუძლია, უფასოდ სთავაზობენ Developer Kit-ს, რაც კიდევ ერთი განსხვავებაა Microsoft-ის Kinekt-ისგან.

კინექტი დახურული სისტემაა. ეს ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია, თუ, მაგალითად, რაიმე პროგრამა დაწერეთ, რომლის მართვაშიც Kinekt-ის ჩართვა გსურთ. ამან თავის დროზე უკვე გამოიწვია დეველოპერების დიდი უკმაყოფილება. Kinekt-ის წინააღმდეგ დიდი ჰაკერული გაერთიანებაც შეიქმნა, სახელწოდებით Kinekt hacking movement. მოძრაობამ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ Microsoft-მა აღიარა – Kinekt-ის დახურულ სისტემად შექმნა შეცდომა იყო. თუმცა Leap Motion-ის გამოჩენით Kinekt-ის მწარმოებლებს ამ შეცდომის გამოსწორება აღარ შეუძლიათ.

„ჩვენ გვინდა, რომ პროგრამების ყველა დეველოპერს მოქმედებისთვის მაქსიმალურად მოქნილი სივრცე შევთავაზოთ”, – განაცხადა კომპანია Leap Motion-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ბუკვალდმა. ბუკვალდის აზრით, მათი ახალი ტექნოლოგიის მნიშვნელობა და პოტენციური გამოყენების სფეროები იმდენად დიდია, რომ ის აუცილებლად ღია სისტემა უნდა იყოს. „წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, თავის დროზე კომპიუტერის მაუსი რომ დახურულ სისტემად შექმნილიყო და მისი გამოყენება პროგრამებში არავის შეძლებოდა?” – ამბობს ბუკვალდი.

Leap Motion-ის ვებგვერდზე უკვე შეიძლება ამ მოწყობილობის წინასწარი შეკვეთა. მისი ფასი ჯერჯერობით 70 დოლარია. გამოშვების სავარაუდო დრო კი 2012 წლის დეკემბერი – 2013-ის იანვარი გახლავთ.

კომენტარები