კინო

სეზონური კინო

სითბოსთან ერთად, ქალაქში კულტურულმა ღონისძიებებმაც იმატა. ასე, მაგალითად, მომდევნო, სულ მცირე, ერთი კვირის მანძილზე იმდენი რამეა დაგეგმილი, რომ დროის ნამდვილი მენეჯმენტი გჭირდება, არაფერი რომ არ გამოტოვო. თანაც, მგონი, ხელოვნებისა თუ გართობის ყველა სფეროში ხდება რაღაც: წიგნებში და ლიტერატურაში, მუსიკაში, ფოტოგრაფიაში, კლუბურ ცხოვრებაში...

ამ წერილში კინოსთან დაკავშირებულ ერთ ღონისძიებაზე მოგახსენებთ.

არ ვიცი, რამდენად სიმბოლურია, კინომანების საყვარელი კანის ფესტივალის ბოლო დღეს რომ ემთხვევა, მაგრამ ფაქტია: აწ უკვე სეზონური კინო-პროექტი, Future Shorsts-ი 27 მაისს, საქართველოში უკვე მეექვსედ ჩატარდება.

Future Shorts-ის გაზაფხულის ოფიციალური პროგრამა შვიდ საინტერესო ფილმს (დეტალური პროგრამა იხ. ქვემოთ) აერთიანებს - რამდენიმე ანიმაციას, რამდენიმე მხატვრულ ფილმსა და ერთ დოკუმენტურს. ზოგი მსუბუქად სევდიანია, ზოგი - შავი და სასაცილო. ფილმების ყურებით მაყურებელი გულს რომ იჯერებს, პატარა არჩევნებშიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას: დაურიგდებათ ბარათები, სადაც პროგრამაში შესული ფილმების სახელები ეწერება; ბარათიდან რჩეული ფილმის სახელის მოხევით მაყურებელი თავის არჩევანს დააფიქსირებას. იმავეს მსოფლიოს კიდევ ბევრი ქვეყნის მაყურებელიც იზამს და შედეგების დათვლით, ყოველი სეზონის ბოლოს, სათავო ოფისი მაყურებლის სიმპათიას გამოავლენს. დაჯილდოების ცერემონია ონლაინ გაიმართება - Future Shorts-ის ვებ-გვერდზე, ტვიტერსა და ფეისბუქში. გამარჯვებული კი 500 ევროს მიიღებს და Future Shorts Festival-ის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე ჟიურის რანგში მიიპატიჟებენ.  

საინტერესოდ ჟღერს ის ფაქტიც, რომ ოფიციალური პროგრამის მიღმა, კინო-ჩვენებაზე ტატო კოტეტიშვილის ორი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარიც იქნება წარმოდგენილი.

ფილმების ნახვის მერე კი მაყურებელი, ტრადიციულად, მოცეკვის ამპლუაში შეძლებს გადასვლას, რადგან ამაზე არც მეტი, არც ნაკლები, ოთხი DJ-ი იზრუნებს (მათი ვინაობა იხილეთ ქვემოთ).

და თანაც ეს ყველაფერი ტაბიძის ქუჩის ერთ ახთახალ კლუბში მოხდება, კლუბში, რომელსაც ”დივანი” ჰქვია და რომელიც Future Shorts-ის ჩვენებაზე სულ რაღაც ორი დღის გახსნილი იქნება.

მოკლედ, სჯობს, მოხვიდეთ და თავად ნახოთ და შეიგრძნოთ. პარასკევსა და შაბათს აქტიური გართობის მერე, ნამდვილად სასიამოვნო იქნება ახალ კლუბში ეკრანის წინ შთამბეჭდავი და შთამაგონებელი ორიოდე საათის გატარება.    

მაშ ასე.

როდის? – 27 მაისი, 21:00

სად? – კლუბი ”დივანი” (გალაკტიონ ტაბიძის 3/5)

რა? – Future Shorts-ის კინო-ჩვენება,

და Afterparty – Lineup: Kakadu

     TJ

     Sikha

     Masha Mashroom


Future Shorts გაზაფხული - პროგრამა

 

დათვი - რეჟ. ნეშ ეჯერტონი / ავსტრალია / 2011 (11 წთ.)

”დათვი” მოკლემეტრაჟიანი ფილმის, ”ობობას” (Spider) სიქუელია და მისი რეჟისორიც, სცენარისტიცა და მთავარი როლის შემსრულებელიც ეჯერტონი გახლავთ. ”დათვი” მთავარი გმირის, ჯეკის აბურდული ურთიერთობის ირგვლივ ვითარდება და ცდილობს, გაარკვიოს, ისწავლა თუ არა, ჯეკმა გაკვეთილი. ფილმს შავ კომედიად აღწერენ - კომედიად, ოღონდ სოციალური კომენტარის გარეშე. ”მიდრეკილება მაქვს, ფილმებში ყველაფერი პირდაპირ ვაჩვენო, ყველაფერს ისე ვაწყობ, რომ არც დრამა გამოდის და არც კომედია. ამიტომაც, მაყურებელმა, არასდროს იცის, რა მოხდება. ეს კი, მგონი, მუშაობს.” - ამბობს ეჯერტონი.   

ოთხკუთხედი - რეჟ. ემი გრეიპელი / ა.შ.შ. / 2010 (20 წთ.)

ეს დოკუმენტური ფილმი ოთხმხრივ ურთიერთობებს ეხება და ცდილობს, ორი ”კონვენციური” წყვილის ისტორიაში გაერკვეს. წყვილები ადრეულ 1970-იანებში ჯგუფური ქორწინებით ცხოვრობენ და პარტნიორებს ერთმანეთში ცვლიან. ლონგ აილენდზე, ნიუ იორკში გადაღებული ფილმი ცხოვრებისეულ ექსპერიმენტს ხდის ფარდას და ერთგვარი გამოწვევაა სოციალურ ნორმების, ქორწინების, მონოგომიისა და ადამიანური სურვილებისათვის. ”მამაჩემის ფოტოების აღმოჩენით შთაგონებულმა, - რომლებიც პოლი-სასიყვარულო ურთიერთობების პიკშია გადაღებული, - და, ასევე, იმისთვის, რომ საკუთარ წარსულთან შეგუება მეცადა, ჩემს მშობლებთან ინტერვიუს გაკეთება გადავწყვიტე. ფილმი პასუხებს არ გვათავაზობს, ობიექტურობა კი, რამდენადაც შეიძლება, შენარჩუნებულია. ფილმი დროის გარკვეულ მონაკვეთში ორ ადამიანს იკვლევს. ის ამბავს ყვება.” - ამბობს გრეიპელი.

ვენუსი - რეჟ. ტორ ფრუერგაარდი / დანია / 2012 (8 წთ.)

ეს მოკლე ანიმაცია ეროტიკული კომედიაა ერთმანეთის ხელახლა აღმოჩენასა და ნაპარწკლის პოვნაზე ყველაზე მოულოდნელ სიტუაციაში. ლოს ანჯელესის და ანსის ანიმაციის ფესტივალების ოფიციალური რჩეული კაროლინისა და რასმუსის ამბავს გვიყვება, ანუ ამბავს თავგზააბნეული წყვილისა, რომელთაც სექსი ოთხი თვეა, რაც არ ჰქონიათ. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გადაწყვეტენ, სვინგერების კლუბს ეწვიონ და ნახონ, იქნებ, ამ დღემ იხსნას მათი ურთიერთობა.

სიკვდილი შენ გვერდით - რეჟ. სპაიკ ჯონზი და საიმონ კანი / საფრანგეთი / 2011 (6 წთ.)

3 ათასი ხელნაკეთი კადრისგან შექმნილი ტრაგიკომიკური სტოპ-მოუშენ ანიმაცია ძველ პარიზულ წიგნის მაღაზიაში ვითარდება. აქ, ღამ-ღამობით, წიგნის ყდები ცოცხლდებიან. ეს ჩონჩხის ისტორიაა, რომელსაც მომხიბლავი ჭირვეული ქალბატონი შეუყვარდება. ოლიმპია ლე-ტანის დიზაინით შექმნილი, სპაიკ ჯონზისა და საიმონ კანის ერთობლივი ნამუშევარი კანის რჩეულია. ეს ტკბილი, სევდიანი, მსუბუქად საშიში და ცოტათი უცნაური ფილმია. ”მოკლემეტრაჟიანი ფილმი სკეჩივითაა. შეიძლება, მხოლოდ რაღაც იდეა ან შეგრძნება გქონდეს და ადგე და გააკეთო.” - ამბობს ჯონზი.

მკლავი - რეჟ. ბრაი ლარსონი, სარა რამოსი და ჯესი ენისი / აშშ / 2012 (9 წთ.)

მდედრობითი ტრიოს მიერ შექმნილი ნამუშევარი სულ ცხელ-ცხელ, ტექნოლოგიებით გაჯერებულ დროში მიმდინარე თინეიჯერულ სიყვარულზე გვიამბობს და ამ ურთიერთობაზე ერთგვარ სოციალურ კომენტარსაც გვთავაზობს. ფილმი ორი გმირის, ჩენსისა და ჯანვიევის ირგვლივ ვითარდება, რომელთა ურთიერთობა მესიჯებით იწყება და სულ მალე აღმოაჩნდება, რომ ეს, პრინციპში, ურთიერთობა სულაც არ ყოფილა. სცენარი სამ საათშია დაწერილი, როცა მისი ავტორები დალასიდან ოსტინში ავტობუსით მიემგზავრებოდნენ. წელს, სანდენსის ფესტივალზე, კომედიური თხრობისათვის ”მკლავი” ჟიურის განსაკუთრებული პრიზით დაჯილდოვდა.   

უფრო მეტად მიყვარხარ - რეჟ. სემ ტეილორ ვუდი / დიდი ბრიტანეთი / 2007 (15 წთ.)

Buzzcocks-ის ჰიტ-სიმღერით, Love You More, შთაგონებული ნამუშევარი ორი პანკი შეყვარებულის, ჯორჯიასა და პიტის, ნაზ და საინტერესო ამბავს გვიყვება. მოქმედება 1978 წლის ლონდონში ხდება. ტეილორ ვუდის ამ სადებიუტო ფილმის სცენარი ოსკარზე წარდგენილ პატრიკ მარბერს ეკუთვნის, პროდიუსერი კი ოსკაროსანი ენტონი მინგელა გახლავთ.

უთავო კაცი - რეჟ. ჟუან სოლანა / საფრანგეთი / 2003 (18 წთ.)

ანიმაცია, რომელზეც დაახლოებით ოთხი წელი მუშაობდნენ, სოლანას დებიუტია. ნამუშევარი უთავო კაცზე მოგვითხრობს, რომელიც მარტო ცხოვრობს და ოთახიდან ვრცელ ინდუსტრიულ სივრცეს გადაჰყურებს. ეს იმ კაცის სიყვარულისა და ბედნიერების ისტორიაა, რომელსაც თავის გარეშე უწევს ცხოვრება. ”ჩვენ იმ პერიოდში ვცხოვრობთ, როცა კინო პროდუქტად იქცა; ფილმები სულ უფრო კომერციული ხდება. მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები ის უკანასკნელი და რეალური სივრცეა, სადაც არტისტულ თავისუფლებას გასაქანი ეძლევა. ასეთი ფილმები მნიშვნელოვანია, თუნდაც მხოლოდ ამ მიზეზის გამო.” - ამბობს სოლანა.

ბონუსი Future Shorts Georgia-სგან:

WATERMELON

რეჟისორი: ტატო კოტეტიშვილი

სცენარის ავტორები: ნიკოლოზ მდივანი, ტატო კოტეტიშვილი

მონაწილეობენ: გოჩა ჯიხაშვილი, ვალერი ცერცვაძე   

TAMAGOTCHI

რეჟისორები: Yuh Song Lee & ტატო კოტეტიშვილი

მონაწილეობს: Yuh Song Lee

პროდიუსერები: PWSFTviT & ZANGO DESIGN 2011

კომენტარები