ანგარიში

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ანგარიში გამოაქვეყნა

მაისს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

წლევანდელი ანგარიშს განსხვავებული, უფრო მოკლე ფორმატი აქვს. ამიტომ, საელჩოს განცხადებით, გასული წლებისგან განსხვავებით, ქვეყნის პროგრესს მასში ნაკლები ყურადღება ეთმობა. ამიტომ, საქართველოში 2011 წლის პოზიტიურ ძვრებზე აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი სპეციალურ ვიდეო მიმართვაში საუბრობს.

2011 წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად დასახელებულია პატიმართა უფლებების დარღვევა, ხარვეზები კანონის უზენაესობის კუთხით და მთავრობის ჩარევა პროფკავშირებში გაერთიანებულ მოქალაქეთა უფლებებში. პრობლემებს შორის მოხსენიებულია ძალოვანების მიერ დემონსტრანტთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება, მათ შორის - 26 მაისს. ასევე, პოლიტიკური ოპოზიციის წევრთა დაშინება. პრობლემად რჩება დევნილთა განსახლების პროცესი, სახელმწიფო ტენდერების გაუმჭვირვალობა. გასულ წელს მაღალი იყო ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი.

აღნიშნულია ისიც, რომ მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები იმ ოფიციალური პირების საქმეების გამოსაძიებლად და დასასჯელად, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევდნენ. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, საქმის გამოძიება ხშირად ჭიანურდებოდა.

ამას გარდა, ანგარიშში ნათქვამია, რომ იზღუდებოდა თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა. ნახსენებია მთავრობის მჭიდრო კავშირი სამ უმსხვილეს სატელევიზიო მაუწყებელთან.

ადამიანის უფებათა დარღვევები ხშირი იყო ოკუპირებულ რეგიონებში, სადაც საქართველოს ცენტრალური მთავრობის კონტროლი ვერ ხორციელდება. აღნიშნულია, რომ რუსი მესაზღვრეები ზღუდავდნენ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას. დე–ფაქტო მთავრობები განაგრძობდნენ ეთნიკური ქართველების უფლებების შეზღუდვას არჩევნებში ხმის მიცემისას, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისას, აგრეთვე საკუთრების, ბიზნესის რეგისტრაციისა და გადაადგილების უფლებების შეზღუდვის კუთხით. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციებს აკრძალული ჰქონდათ სამხრეთ ოსეთში შესვლა ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში გაუმჯობესდა რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვა - ამას ხელი შეუწყო პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა რელიგიური ჯგუფებისთვის სამართლებრივი სტატუსი მიანიჭების შესახებ. წარმატებებს შორის ასევე დასახელებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება და ახალი საპატიმროების აშენება.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებათა ანგარიშს აშშ–ის კონგრესს ყოველწლიურად უგზავნის.

 

კომენტარები