რუსეთი

რუსული ოპოზიცია მორიგ მსვლელობას 12 ივნისს გამართავს

რუსული ოპოზიციური ძალები მორიგი მსვლელობის გამართვას მოსკოვში, 12 ივნისს, რუსეთის დღეს კრემლის მიმართულებით გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება ”მემარცხე ფრონტის” ლიდერის, სერგეი უდალცოვის სოციალური ქსელის გვერდზეა განთავსებული.

BBC - ის ინფორმაციით, აქტივისტები მარშით ტვერსკის მოედნიდან ბოროვიცკის მოედნამდე გადაადგილდებიან.

”სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა, სადაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის შესახებ, რომ მსვლელობა და მიტინგი 12 ივნისს გაიმართება. აქციას 6 მაისს გამართული მარშის ორგანიზატორები აწყობენ.” - ნათქვამია განცხადებაში.

რუსი ოპოზიციონერი სერგეი უდალცოვი ამჟამად ადმინისტრაციულ სასჯელს იხდის ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

6 მაისს გამართული ”მილიონიანი” მარში, რომელიც რუსეთის არჩეული პრეზიდენტის კრემლში დაბრუნების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, აქციის მონაწილეების მასობრივი დაკავებებით დასრულდა.

 

კომენტარები