გოეთეს ინსტიტუტი

გერმანულ-ქართული დღეები თბილისში

დღეს, ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ქართველი და გერმანელი ფოტოგრაფების გამოფენა და ფოტოალბომის „საქართველო - მითოსი და რეალობა“ პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენა რომელიც 1 ივნისამდე გასტანს, საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია ოთხი გერმანელი და ხუთი ქართველი ფოტოგრაფი: ვოლფგანგ კორალი, ანგელა ფენში, სებასტიან შობერტი, ფრანკ რიოდელი, ბესო გულაშვილი, ირინა კურმაევა, გურამ წიბახაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი და მარიამ ამურველაშვილი.

„1992 წლის 23 მარტს გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობა მისი პირველი დამოუკიდებლობის შემდეგ (1918-1921) საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ისევ აღიარა, და 13 აპრილს ამ სახელმწიფოებმა ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. ამით გერმანია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც თბილისში ელჩი გამოგზავნა. დღეს, 20 წლის შემდეგ გერმანიასა და საქართველოს აკავშირებს ინტენსიური და მრავალმხრივი თანამშრომლობა, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია ნაყოფიერი მუშაობა გავაგრძელოთ. გერმანულ-ქართული მრავალმხრივი ურთიერთობებიდან გამომდინარეობს ის მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც გვინდა ჩვენ - გერმანიის საელჩოსა და თბილისში არსებულ ყველა გერმანულ ორგანიზაციას - 2012 წლის 14-დან 20 მაისამდე წარმოგიდგინოთ.“ - განაცხადა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ბატონმა ორთვინ ჰენიგმა.  

14 მაისიდან თბილისის გოეთეს ინსტიტუტში და ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაერთი საინტერესო შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში მიმდინარეობს გამოფენა „გერმანელები და ქართველები - შუა საუკუნეებიდან დღემდე“.  18 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გერმანელი და ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსების ერთობლივი კონცერტი გაიმართება, ხოლო დასასრულს, 19 მაისს გოეთეს ინსტიტუტში რეზო კიკნაძის და Jazz Unlimited-ის ერთობლივი  კონცერტი .

 

კომენტარები