გოეთეს ინსტიტუტი

გივი მარგველაშვილი სტუმრად გოეთეში

 

ხვალ, 3 მაისს 7 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში ლიტერატურული საღამო გაიმართება. ამჯერად, მკითხველის წინაშე წარსდგება ცნობილი ფილოსოფოსი და მწერალი გივი მარგველაშვილი.  

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს მწერალი ნაირა გელაშვილი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას  გივი მარგველაშვილის ლექსებისა და პროზაული მინიატურების ქართულ თარგმანს გააცნობს. საღამოზე, სადაც გამოფენილი იქნება გერმანიასა და საქართველოში გამოცემული მარგველაშვილის წიგნები, თავად ავტორი წაიკითხავს ნაწყვეტებს საკუთარი ნაწარმოებებიდან.

გივი მარგველაშვილი ბერლინში, ქართველ ემიგრანტთა ოჯახში დაიბადა. 1946 წელს, ის და მამამისი ტიტე მარგველაშვილი (რომელიც ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა ბერლინში),  ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში მოტყუებით გადაიყვანეს და დააპატიმრეს. მამამისი დახვრიტეს, ხოლო თავად საქართველოში ჩამოიყვანეს. აქ მან დაამთავრა  თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი და გერმანული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე.

მხოლოდ 40 წლის შემდეგ, 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული ცვლილებების შემდეგ მიეცა საშუალება უკან დაბრუნებულიყო. გივი მარგველაშვილი, დღესაც ბერლინში ცხოვრობს. ლექციებს კითხულობს გერმანიის და აშშ-ის უნივერსიტეტებში.

1990 - მიწვეულ იქნა ზაარბრიუკენში "ქალაქის მწერლად", სადაც დაიწყო მუშაობა რომანზე: "Das Lese-Liebeseheglück"

1994 - დაენიშნა გერმანიის პრეზიდენტის საპატიო სტიპენდია

1995 - "ბრანდენბურგის საპატიო ლიტერატურული პრემია მთელი მისი შემოქმედებისათვის"

1997 - ბერლინის ლიტერატურისა და ხელოვნების პრემია

2002- ქალაქ მერციგის გუსტავ-რეგლერის პრემია

2006 - გადაეცა გოეთეს მედალი ქ. ვაიმარში

2008 - მიენიჭა Bundesverdienstkreuz am Bande (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენი)

 

კომენტარები