სირია

რასტანში შეტაკებებს 23 სამხედრო ემსხვერპლა

სირიის ქალაქ რასტანში სამხედროებსა და აჯანყებულებს შორის შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 23 სამხედრო მოსამსახურეა.

BBC - ის ინფორმაციით, ორ მხარეს შორის დაპირისპირებას სამი ჯავშანტრანსპორტიორის განადგურება მოჰყვა. გამოცემის ცნობით, აღნიშნული შეტაკებისას უკანასკნელი 14 თვის მანძილზე ყველაზე მეტი სამხედრო დაიღუპა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებები განაახლეს.

დღეს დილით აგრეთვე, ქვეყნის რამდენიმე ადგილი დაიბომბა. ძლიერი აფეთქება მოხდა დამასკოს გარეუბანში და ჰომსში.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედების დღიდან, 12 აპრილიდან მოყოლებული ქვეყანაში 1000-მდე ადამიანია დაღუპული სხვადასხვა შეტაკებებისა და აფეთქებების დროს.

სირიაში ამჟამად 189 გაეროს დამკვირვებელი იმყოფება. გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, გენერალ რობერტ მუდის განცხადებით, კვირის განმავლობაში ქვეყანაში 300 დამკვირვებელი მოიყრის თავს.

 

კომენტარები