ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსს ეწვევა. ამის შესახებ გამოცემა Коммерсант იუწყება.
კრემლის პრესსამსახურის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი პირველ ოფიციალურ ვიზიტს ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში განახორციელებს.
გასულ კვირას პუტინმა ”დიდი რვიანის” სამიტში მოაწილეობაზე უარი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო თქვა. მისი განცხადებით, იგი ახლა მთლიანად ქვეყნის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებითაა დაკავებული. რუსეთს კემპ-დევიდში პრემიერი მედვედევი წარადგენს.
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი გასულ კვირას სოჭში დე ფაქტო რესპუბლიკების პრეზიდენტებს, ალექსანდრ ანქვაბს და ლეონიდ თიბილოვს შეხვდა.
Коммерсант - ის ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, რომელიც 20-21 მაისს გაიმართება, საკუთარ წარმომადგენელს გაგზავნის. გამოცემის ცნობით, სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ავღანეთთან დაკავშირებულ შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთის საკითხებში ზამირ კაბულოვი დაესწრება.





