თბილისის მერიამ ამ დროისთვის წყალდიდობით დაზარალებულ ყველა ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გამოუნახა.
სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას განცხადებით, 13 მაისის ღამეს მომხდარი წყალდიდობის შედეგად უსახლკაროდ 11 ოჯახი დარჩა.
აქედან უმეტესი ნაწილი საცხოვრებლად მერიის მიერ შეთავაზებულ ბინებში უკვე გადავიდა, ორი-სამი ოჯახი კი რამდენიმე შეთავაზებული ბინიდან არჩევანს დღეს გააკეთებს.
ქაცარავას განმარტებით, დაზარალებულებს თავშესაფართან ერთად პირველადი მოხმარების ნივთები, მათ შორის საკვები და ტანსაცმელიც გადაეცათ. მისივე თქმით, დაზარალებულების დახმარების სურვილი კერძო კომპანიებმა და წითელმა ჯვარმაც გამოთქვა.
უსახლკაროდ დარჩენილებს მერია ფინანსურ დახმარებასაც გაუწევს, თუმცა თანხა ჯერ გასაზღვრული არ არის.
13 მაისის ღამეს მოსულმა ძლიერმა წვიმამ მდინარე მტკვრის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. მოვარდნილ ღვარცოფს 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის ორი ქალი, ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი მოხუცი ქალბატონია.





