მომავალი წლის არჩევნებზე კანცლერ ანგელა მერკელის უმთავრესი ოპონენტი სავარაუდოდ სოციალ-დემოკრატი პერ შტეინბრუკი იქნება. ყოფილი ფინანსთა მინისტრი პარტიის კანდიდატად ყოფილმა კანცლერ გერჰარდ შროდერმა წარადგინა. მანამდე იგივე მოიმოქმედა 93 წლის ყოფილმა სოციალ-დემოკრატმა კანცლერმა ჰელმუტ შმიდტმაც.
გერმანიის ყველაზე დასახლებულ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში სოციალ-დემოკრატთა გამარჯვებაა მოსალოდნელი, რაც მერკელის პოზიციებს შეასუსტებს. ოპოზიციური პარტიის კრიტიკა მისი მკაცრი საბიუჯეტო დისციპლინის მიმართ გაძლიერდა მეზობელ საფრანგეთში სოციალისტ ფრანსუა ოლანდის გაპრეზიდენტების შემდეგ. წინასწარი გამოკითხვებით, ანგელა მერკელი ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად მაინც რჩება.
2005-2009 წლებში გერმანიის ფინანსთა მინისტრ შტეინბრუკს პარტიის მემარცხენე ფრთა მისი ცენტრისტული შეხედულებების გამო ნაკლებად ენდობა. სოციალ-დემოკრატთა მხრიდან სხვა სავარაუდო კანდიდატებს წარმოადგენენ პარტიის თავმჯდომარე ზიგმარ გაბრიელი და საპარლმენტო ლიდერი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. პარტია კანდიდატს წლის ბოლოს დაასახელებს.




