საფრანგეთი

სარკოზი ლე პენის მხარდამჭერების დემონიზების წინააღმდეგია

რადიოსადგურ France Info-სთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ  თქვა, რომ არ  აპირებს ულტრამემარჯვენე ” ნაციონალურ ფრონტთან”  თანამშრომლობაში შესვლას  და, რომ  მის წარმომადგენლებს  არ მიიწვევს საფრანგეთის მთავრობაში, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში.

ამასთან, ნიკოლა სარკოზი გამოვიდა ლე პენის მხარდამჭერების ”დემონიზების” წინააღმდეგ და განაცხადა, რომ არ ეთანხმება მთავარ კონკურენტს ფრანსუა ოლანდს, რომელიც აკრიტიკებს ამ ხალხს ”ნაციონალური ფრონტის” მომხრეობისთვის.

”ადამიანების უფლებაა ჰქონდეთ საკუთარი შეხედულება, პრეზიდენტმა კი უნდა მოუსმინოს მათ, ცხადია, რომ ბატონ ოლანდს ეს არ ესმის.”- განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ, რომლის მხარდამჭერებსაც გადააჭარბა სოციალისტების კანდიდატის ფრანსუა ოლანდის მხარდამჭერებმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში.

მას შემდეგ რაც პირველი ტურის შედეგები ცნობილი გახდა ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ მეორე ტურში წარმატების მოსაპოვებლად ნიკოლა სარკოზი ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის ამომრჩევლის გადაბირებას შეეცდება. ლე პენი პირველ ტურში მესამე ადგილზე გავიდა.

 

კომენტარები