კორეა

სამხრეთ კორეის არჩევნებში კონსერვატორები იმარჯვებენ

სამხრეთ კორეის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატორულმა პარტიამ მოულოდნელ გამარჯვებას მიაღწია. კონსერვატორები არაპოპულარული პრეზიდენტის, ლი მიონ ბაკისგან დისტანცირებას შეეცადნენ. დეკემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიაში გამოიკვეთა ახალი კანდიდატი პაკ კინ ჰე, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.

მმართველმა პარტიამ – სენური – ხმების 42,8% და 300-წევრიან ეროვნულ ასამბლეაში 152 ადგილი მიიღო. ლიბერალურ ოპოზიციურ პარტიას და მის მემარცხენე კოალიციურ პარტნიორს კი, შესაბამისად, 127 და 13 ადგილი ერგოთ. ჩრდილოეთ კორეასთან გართულებული ურთიერთობების გარდა, არჩევნების მთავარი თემა შიდა ეკონომიკური საკითხები გახდა.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ოპოზიციური კოალიციის წარმატება გარდაუვალი ჩანდა, ვინაიდან პრეზიდენტ ლი მიონ ბაკის ადმინისტრაციის ირგვლივ არსებული კორუფციული სკანდალების და არასაკმარისი კეთილდღეობის ფონზე, მმართველი პარტიის შანსები საგრძნობლად მცირდებოდა. სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის პაკ ჩონ ჰის (1961-1979) ქალიშვილმა, პაკ კინ ჰემ მცირე ხანში მოახერხა სენურის რეაბილიტაცია. პარტია, კონსერვატორული ბაზის კონსოლიდაციას, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული

საფრთხის წინ წამოწევით შეეცადა და ლიბერალი ოპონენტები ჩრდილოეთ კორეის დაშოშმინებაში და აშშ-სთან ალიანსის ჩაშლაში ამხილა.

თავის მხრივ, ოპოზიცია უძლური აღმოჩნდა, რომ ანტისამთავრობო უკმაყოფილება საკუთარი გამარჯვებისთვის გამოეყენებინა. ბევრი ზომიერად განწყობილი ამომრჩეველი გააუცხოვა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაუქმების პირობამ. არჩევნებმა ვაშინგტონსაც აარიდა პოტენციური თავის ტკივილი, რადგან ოპოზიციური პარლამენტი ხელშეკრულების გადახედვას მოითხოვდა. ლიბერალები ჩრდილოეთ კორეის მიმართ პრეზიდენტ ლი მიონ ბაკის მკაცრ პოლიტიკას აკრიტიკებენ და კონტაქტების გახშირებას უჭერენ მხარს. მათთვის წამგებიანი აღმოჩნდა ის, რომ არჩევნებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის წარუმატებლად გაშვების ფონზე ჩაიარა.

ოპოზიციის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ არჩევნებში ახალგაზრდები, ეგრეთ წოდებული ტვიტერის თაობა ვერ მიიზიდა. პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდა სამხრეთ კორეელებისთვის პაკ კინ ჰე უქარიზმო პოლიტიკოსია, რომელიც უფროს

თაობაში მამამისის პერიოდის ნოსტალგიას უფრო ეყრდნობა, ვიდრე საკუთარ პლატფორმას. აიპადების და ლეპტოპების ხანაში ქაღალდის ბლოკნოტის ტარების ჩვეულების გამო, ახალგაზრდებმა მას „პრინცესა ბლოკნოტით” შეარქვეს.

დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 60 წლის პაკ კინ ჰეს მთავარი კონკურენტი, სავარაუდოდ, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ტექნოლოგიის პროფესორი, ან ჩეულ-სუ იქნება. დამოუკიდებელმა კანდიდატმა პოპულარობა მცირე ხნის წინ მოიპოვა პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა დაუნდობელი კრიტიკის გამო. ან ჩეულ-სუმ სამხრეთ კორეის ერთ-ერთი პირველი ანტივირუსული კომპიუტერული პროგრამა შექმნა და მილიონობით კორეელში უფასოდ გაავრცელა. 2012 წლის თებერვალში მან გამოაცხადა, რომ სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობასთან საბრძოლველად ქველმოქმედებას იწყებდა. ერთ-ერთი ყველაზე ხელგაშლილი სამხრეთ კორეელი დონორი ახალგაზრდების ფავორიტი საპრეზიდენტო კანდიდატია, თუმცა მას კამპანიის დაწყების შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს.

კომენტარები