ჯაზი

ჯაზი და ლექციები ჯაზზე - ტურნე საქართველოს მასშტაბით

25 აპრილს, 19 სთ-ზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იწყება პროექტი „ჯაზის სალექციო ტურნე საქართველოში“, რომელიც ჭიათურის კულტურის ცენტრში ჯაზ-კონცერტით გაიხსნება.

ხუთი მუსიკოსისგან შემდგარი ჯაზ-ანსამბლი თამაზ ყურაშვილის, ზურა რამიშვილის, რეზო კიკნაძის, ლევან კემულარიას და ზაზა ცერცვაძის შემადგენლობით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ქალაქებსა და სოფლებში კონცერტებით იმოგზაურებს. ჯაზმენები ადგილობრივ მოსახლეობას ჯაზის შესახებ ერგვარი ლექციების კურსს წაუკითხავენ, ესაუბრებიან მუსიკოსებზე, ინსტრუმენტარიუმზე, სტილისტიკაზე, განუმარტავენ იმპროვიზაციის სპეციფიკას.

ჭიათურაში პირველ ჯაზ-კონცერტს გამართავენ რეზო კიკნაზე (საქსაფონი), ზურა რამიშვილი (ფორტეპიანო), ლევან კემულარია (საყვირი), ლევან დეისაძე (ბას-გიტარა) და ზაზა ცერცვაძე (დრამი).

პროექტის ძირითადი მიზანია ჯაზის პოპულარიზაცია საქართველოს რეგიონებში, იქ სადაც მსმენელი არათუ განებივრებულია მე-20 საუკუნის ამ უნიკალური მუსიკალური ხელოვნებით, არამედ ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იცნობს ამ ჟანრს.

ჯაზ-კონცერტებისა და ლექციების სერია თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს; მათ შორის გორს, მცხეთას, გურჯაანს, სიღნაღს, თელავს, ყვარელს, ბორჯომს, ახალციხეს, ზესტაფონს, ქუთაისს, ამბროლაურს, მესტიას, ანაკლიას, ურეკს, ქობულეთს, ბათუმს.

 

კომენტარები