ეგვიპტე

ეგვიპტელები სამხედრო მმართველობას აპროტესტებენ

რამდენიმე ათასი ეგვიპტელი კაიროს ტაჰრირის მოედანზე შეიკრიბა. ისინი პროტესტს უცხადებენ სამხედროთა და მუბარაკის რეჟიმის ფიგურების პოლიტიკურ გავლენას.

მუსლიმთა საძმომ, რომელიც ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატას აკონტროლებს, მხარი დაუჭირა დემონსტრაციებს. ამის მიზეზი ისაა, რომ საარჩევნო კომიტეტმა მის საპრეზიდენტო კანდიდატს მონაწილეობის უფლება ჩამოართვა. დემონსტრანტების მეორე ნაწილი სალაფისტ კანდიდატს უჭერს მხარს.

დემონსტრანტებმა აგრეთვე უკმაყოფილება გამოთქვეს არჩევნების შესაძლო გადადების გამო, იმ მიზეზით, რომ თვის დასაწყისში სასამართლომ შეაჩერა კონსტიტუციის შემდგენელი კომიტეტის მუშაობა. შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს განცხადებით, კონსტიტუცია არჩევნებამდე უნდა მიიღონ.

სამხედროები მთავრობას 2011 წლის თებერვალში მუბარაკის გადადგომის შემდეგ აკონტროლებენ. მათი პირობით, ძალაუფლება სამოქალაქო ადმინისტრაციას უნდა გადაეცეს.

 

კომენტარები