იტალიის ქალაქ კაზორიაში არსებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა პროტესტის ნიშნად თავისი გალერეის კოლექციიდან ერთ–ერთი სურათი დაწვა.
მუზეუმის ხელმძღვანელის, ანტონიო მანფრედის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით მან პროტესტი გამოხატა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, რომლებსაც „რთულ ეკონომიკურ ვითარებაში ჩავარდილი კულტურისადმი გულგრილი დამოკიდებულება აქვთ.“ მანფრედის განმარტებით, მისი მიზანია, მთავრობა თანამედროვე ხელოვნებაში არსებული პრობლემებით დაინტერესდეს და ამგვარად, თავისი მუზეუმისათვის დაფინანსება მოიპოვოს.
მუზეუმის ხელმძღვანელის პირველი მსხვერპლი ფრანგი მხატვრის, სევერინა ბურგინონის სურათი გახდა, რომელიც მანფრედმა მუზეუმის მთავარ შესასვლელთან დაწვა. ტილოს ავტორი თავისი ნამუშევრის განადგურების სცენას ინტერნეტის საშუალებით პირდაპირ ეთერში უყურებდა. გავრცელებული ცნობით, მან მუზეუმის ხელმძღვანელს თანხმობა მისცა, მისი ნახატი აქციისათვის გამოეყენებინა.
TMNews – ის ცნობით, მუზეუმის დირექტორი, მთავრობის მხრიდან მისი მოთხოვნის იგნორირების შემთხვევაში, საპროტესტო აქციის ფარგლებში ნახატების დაწვას გააგრძელებს.
„მთავრობის გულგრილობის გამო ათასობით ხელოვნების ნაწარმოები ისედაც ჩრდილში რჩება.“ – განაცხადა მანფრედმა. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი პრესის ყურადღების ქვეშ გასულ წელსაც მოექცა, როდესაც გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს თავშესაფრის მიცემის თხოვნით მიმართა.



