სირიის კრიზისი

იწურება ვადა სირიის ქალაქებიდან ჯარების გაყვანის პირობის შესასრულებლად

10 აპრილს სირიაში გაეროსა და არაბული ქვეყნების ლიგის ელჩისთვის, კოფი ანანისთვის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით მიცემული პირობის შესრულების ვადა იწურება. ძალადობის შეჩერების ნაცვლად კი ვითარება უფრო გართულდა. აქტივისტების განცხადებით, მთვრობის მხრიდან სამხედრო ნაწილების ქუჩებიდან გაყვანის მზაობა არ შეინიშნება.

მთავრობა აცხადებს, რომ აღებულ ვალდებულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ მეამბოხეებისგან მიიღებს სიტყვიერ გარანტიებს იარაღის დაყრასთან დაკავშირებით, რაზეც  რეჟიმის ოპონენტები უარს აცხადებენ.

ამასობაში დაპირისპირებები გრძელდება. გავრცელებული ცნობებით, გუშინ სირიაში ძალადობას ათეულობით ადამიანი შეეწირა. ვითარების სირთულის გამო შეშფოთება გამოხატა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ვიქტორია ნულანდმა ეჭვი გამოთქვა, რომ სირიის მთვრობა არ აპირებს ანანისთვის მიცემული პირობის შესრულებას. 

გავრცელებული ცნობით, მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ  სირიის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მხარის მიერ  კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის შეუსრულებლობა  არ უნდა გახდეს საბაბი იმისთვის, რომ მეორე მხარემ უარი თქვას მის შესრულებაზე.

 

კომენტარები