ჯონ კენედის საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთმა აგენტმა საზოგადოებას თავისი მოგონებები და განცდები გაუზიარა იმ დღის შესახებ, როდესაც აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი მოკლეს. 80 წლის კლინტ ჰილმა, რომელიც პირველი ლედის, ჟაკლინ კენედის დაცვაში მსახურობდა, მემუარები სახელწოდებით „მისის კენედი და მე“ გამოაქვეყნა. ჩანაწერებში დაწვრილებით არის აღწერილი 1963 წლის 22 ნოემბრის მოვლენები.
მემუარებში ჰილი იხსენებს, რომ იგი პრეზიდენტის კორტეჟში იმყოფებოდა, როდესაც კენედების წყვილი დალასის ცენტრისაკენ ლიმუზინით მიემართებოდა. გასროლის ხმაზე საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი მანქანასთან მიიჭრა და დაინახა, რომ პრეზიდენტს ტყვია ყელში ჰქონდა მოხვედრილი. „ვალდებული ვიყავი, მისის კენედი საფრთხისაგან დამეცვა,“ - წერს ჰილი და დასძენს, რომ „იმ მომენტში სხვა არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.“
აგენტი მძიმე წუთებში პირველი ლედის რეაქციასაც ადევნებდა თვალყურს. ჰილის სიტყვებით, მისის კენედის თვალებში შეძრწუნება იკითხებოდა. ქვეყნის პირველ პირს მეორეჯერაც ესროლეს, ამჯერად თავში. პრეზიდენტის სისხლი პირდაპირ აგენტის ტანსაცმელზე აღმოჩნდა, კენედის სხეული კი მისი მეუღლის ხელებში ესვენა.
ჰილი, რომელიც შეიძლებოდა კენედისათვის განკუთვნილი მესამე ტყვიის მსხვერპლი გამხდარიყო, როგორც ჩანაწერეში იხსენებს, იმ რთულ ვითარებაში მხოლოდ პირველ ლედიზე ფიქრობდა. „არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე, რათა მისის კენედი დამეცვა, თუმცა დანაშაულის გრძნობა დღემდე არ მასვენებს.“
საუდუმლო სამსახურის ყოფილი წარმომადგენელი პარკლენდის საავადმყოფოში გატარებულ საათებსაც იხსენებს, სადაც დაჭრილი პრეზიდენტი გადაიყვანეს. ჰილის განმარტებით, მას საავადმყოფოში ყოფნისას პრეზიდენტის ძმამ, რობერტ კენედიმ დაურეკა, რომელსაც ჯონის მდგომარეობა აინტერესებდა. ჰილმა, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა მომაკვდავი პრეზიდენტი, უპასუხა: „ყველაფერი იმდენად ცუდადაა, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია.“
კლინტ ჰილი მისის კენედის მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც ემსახურებოდა ერთი წლის განმავლობაში. მემუარების ავტორმა აღიარა, რომ მას პირველ ლედისთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა ჰილმა უარყო ის ფაქტი, რომ მას ჟაკლინი უყვარდა. „მე მისით აღტაცებული ვიყავი, თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ მე იგი მიყვარდა.“
1994 წელს ჰილმა შეიტყო, რომ ჟაკლინი კიბოს ებრძოდა, მაგრამ მან ვერ გაბედა მისთვის დაერეკა. „ვიცოდი, რომ ჩემი ხმის გაგონება მას იმ დღეს გაახსენებდა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. მისი ხმა კი ჩემზე იმავე ზემოქმედებას მოახდენდა.“ - წერს ჰილი თავის მემუარებში.





