ნიკო ცეცხლაძე

ყველა სკულპტურა ცხენიანი კაცი ვერ იქნება

მხატვარი ნიკო ცეცხლაძე, უკვე რამდენიმე წელია, ფოთის რეგიონალურ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს და უორკშოპს კურატორობს. მისი მიზანია, დედაქალაქიდან მოშორებით თანამედროვე კულტურისა და ხელოვნების იდეების დანერგვას შეუწყოს ხელი და მოწვეული არტისტებისთვის საზაფხულო სამუშაო ადგილის შექმნა. ამ ორგანიზაციას Art Active Evolution ჰქვია. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ლუკა ზაუტაშვილთან ერთად, ნიკო ცეცხლაძეა. წლევანდელ ზაფხულს კი ფოთში თანამედროვე ხელოვნების პარკის გაშენება დაიწყება.

მარტო მოქანდაკეები მიიღებენ პარკის ამ პროექტში მონაწილეობას?

არავითარ შემთხვევაში. აქ ფერმწერიც იქნება და ფოტოგრაფიც, შეიძლება, უბრალოდ, ვინმე მოქალაქის იდეა მოგვეწონოს ანდა რომელიმე ტექსტი და ჩვენ ამას ტექსტუალური სახით დავდგამთ. არ არის აუცილებელი, რომ აქ მაინცდამაინც მოქანდაკეების ნამუშევრები იყოს. ეს არა სკულპტურების, არამედ ინოვაციური იდეების პარკი იქნება. დავუშვათ, არსებობს ესა თუ ის მხატვარი, ვისაც აქვს საკუთარი გამოკვეთილი სტილი და სახე, მაგრამ მე მისგან ინოვაციური იდეები მჭირდება.

შენ ხარ პროექტის ორგანიზატორი, მაგრამ როგორც მხატვარი, ასევე თუ აპირებ ამ პარკში რამის დადგმას?

კი, მაქვს მოფიქრებული უკვე ორი ნამუშევარი. ერთი იქნება შადრევანი ფანქრებით და მეორე – ქალის ქვედა თეთრეულის სკულპტურები. ქალის ხუთი საცვალი – ერთი ფაიფურის, მეორე რკინის, მესამე მინის, მეოთხე სარკის და მეხუთე – თაბაშირი ნაჭრით. ეს ნამდვილი ქალის საცვლის ფორმის და, დაახლოებით, მეტრ-ნახევარი-მეტრ-ნახევარზე ზომისაა. ასევე მინდა გავაკეთო შადრევანი, სადაც ფანქრებიდან ამოვა წყალი.

რამდენი მხატვრის მოწვევის საშუალებას მოგცემთ წლევანდელი ბიუჯეტი?

წელს გადავწყვიტეთ, რომ მოვიწვევთ ვიზუალურ არტისტებს საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან და ჰოლანდიიდან. ცხადია, იქნება საქართველოც. თბილისიდან წარდგებიან მხატვრები, ფოთელები და ბათუმელებიც.

რამე თემას აძლევთ არტისტებს სამუშაოდ და როგორ მოხდება ნამუშევრების შერჩევა?

არა, თემას ჩვენ არავის ვუკვეთავთ და არც იმას აქვს მნიშვნელობა, ცნობილი არტისტი იქნება თუ დამწყები. მთავარია, მოგვეწონოს მისი ნამუშევარი. ეს პარკი მრავალმხრივი და თავისუფალი უნდა იყოს, რომელიც თითქოსდა არდაშვებული ნამუშევრების სივრცის იერსახეს შეიძენს.

თქვენ არაკომერციული ორგანიზაცია ხართ, რომელსაც სახელმწიფო გითმობთ ტერიტორიას სამუშაოდ. სრულიად თავისუფალი იქნებით? ვთქვათ, გეყოლებათ კომისია და სადმე შეათანხმებთ რისი დადგმაც გსურთ პარკში?

სრულიად დამოუკიდებელი ვართ და არავისთან არ თანხმდება ჩვენი კონკრეტული სახელოვნებო პროექტები, ამას ჩვენ თვითონ ვწყვეტთ. ეს საჯარო სივრცეა, მაგრამ მასში ჩვენ შეგვაქვს ხელოვნების ღია მუზეუმი. დროა რეალობას შევეგუოთ. დღეს ახალი ტიპის სკულპტურების დადგმა დიდ აჟიოტაჟს იწვევს საზოგადოებაში. ჩვენ კი გვინდა, რომ ეს საქმიანობა ჩვეულებრივი ამბავი გახდეს. მაყურებელი არ არის შეჩვეული თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს, მაგრამ ამდენი დისკუსია სინამდვილეში სულაც არ არის საჭირო. ერთხელ გერმანიის ელჩთან, ნორბერტ ბაასთან ერთად ვსეირნობდი და ძალიან გაუკვირდა, როდესაც დაინახა, რომ დავით აღმაშენებელი მამალ ცხენზე, ულაყზე იჯდა, რისი ნიშნებიც ამ ქანდაკებას მკვეთრად ჰქონდა გამოხატული. სინამდვილეში კი ის ფაშატზე იჯდა ხოლმეო. ფოთის თანამედროვე ხელოვნების პარკში შეიძლება ასეთი ცხენიანი კაციც დაიდგას, რადგან აქ უკვე სულ სხვა კონტექსტში იქნება ის მოქცეული, რაც მხოლოდ მრავალფეროვნებას შექმნის. ყველა სკულპტურა ცხენიანი კაცი ვერ იქნება. მით უმეტეს, რომ რაც აქამდე კეთდებოდა, ხშირად ცუდი ასლი იყო დამკვიდრებული კლასიკის.

სახელმწიფო გვითმობს საჯარო სივრცეს, რადგან ჩვენი გზა მიემართება ევროკავშირისკენ, NATO-სკენ და ცივილიზებული სამყაროსკენ. ამიტომაც, სახელმწიფო და კულტურის სამინისტრო დაუდგა ჩვენს პროექტს გვერდით.

ფოთის პროექტს ამ ზაფხულს კულტურის სამინისტრო დააფინანსებს?

დიახ, მთავარი დამფინანსებელი იქნება კულტურის სამინისტრო, ეს უკვე მესამე წელია ასეა.

რატომ აირჩიეთ ფოთი?

ძალიან დიდი სივრცეა აქ, თანამედროვე ქალაქის პოტენცია აქვს. მე წარმომიდგენია აქ თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები, რომლებიც მოუხდება ამ ქალაქს.

მერე შეიძლება პროექტმა სხვა რეგიონებშიც გადაინაცვლოს?

ჯერჯერობით ამ ადგილით უნდა დავკმაყოფილდეთ, ეს უნდა განვითარდეს და მერე, თუ ყველაფერი კარგად იქნება, სხვაგანაც შეიძლება გაკეთება, მაგრამ უკვე სხვა სახით, ერთფეროვანი რომ არ იყოს. ამ პარკს რომ გავაკეთებთ, მერე გამოჩნდება კიდევ რისი შექმნა შეიძლება. ის, რომ არტისტები ჩამოვლენ ხოლმე და იმუშავებენ, ერთი საკითხია, მაგრამ სხვადასხვა სივრცეები ერთნაირად არ უნდა გაკეთდეს.

 

კომენტარები