უკრაინა

იულია ტიმოშენკოს საპატიმროს გარეთ მკურნალობის უფლება მისცეს

უკრაინის მთავრობამ იულია ტიმოშენკოს საპატიმროს კედლებს მიღმა მკურნალობის უფლება დართო. ტიმოშენკოს ადვოკატები ადრეც ირწმუნებოდნენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი სათანადო მკურნალობის კურსს ვერ გადიოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მათ არაერთხელ მიმართეს უკრაინის მთავრობას თხოვნით, დაერთოთ ტიმოშენკოსათვის კოლონიის გარეთ მკურნალობის ნება.

„განვიხილეთ რა იულია ტიმოშენკოს დაცვის მხარის მიმართვა, რომელიც უკრაინის გენერალურ პროკურორს 23 მარტს გადაეცა, მივიღეთ მითითება ვიქტორ პშონკისაგან, რომ გატარდეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველვყოთ მსჯავრდებული ტიმოშენკოს სამედიცინო მკურნალობა კოლონიის გარეთ.“ - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში. დოკუმეტშია არაა მითითებული კონკრეტული ვადა, მასში არც დამატებითი პირობებია განხილული.

იულია ტიმოშენკოს 2011 წლის ოქტომბერში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მას შემდეგ რაც დამნაშავედ სცნეს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში რუსეთთან გაზის იმპორტზე კონტრაქტის გაფორმებისას.

 

კომენტარები