2012 წლის 2 აპრილიდან პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. წელს პირველად, რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობოთ, 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დები და ძმები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
შვილის დასარეგისტრირებლად მშობელს მხოლოდ პირადი მონაცემის შევსება დასჭირდება, რაც რამდენიმე წუთს მოითხოვს. სპეციალური აპლიკაცია შემდეგ საიტზე განთავსდება - www.mes.gov.ge. მშობლებს სკოლის არჩევაში დაეხმარებათ e-catalog-ი(www.catalog.edu.ge), სადაც ყველა საჯარო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული.
განათლების და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ ბავშვის ონლაინ რეგისტრაციისათვის მშობელს მოუწევს შემდეგი ფორმის შევსება: ბავშვის სახელი და გვარი, პირადი ნომერი. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და როდესაც სისტემა დაუდასტურებს მას რეგისტრაციას, მას ოფიციალურად საბუთების წარდგენა უკვე სკოლაში მოუწევს. მშობელი რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე მიიღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ და ასევე, სმს-ის საშუალებით.
მშობლებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, შეუძლიათ რეგისტრაციისთვის თავიანთი რაიონის რესურსცენტრს მიმართონ. ონლაინ რეგისტრაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება. კერძო სკოლები პირველკლასელთა მიღებას ახორციელებენ ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე.
რეგისტრაციის პროცესი არის თავისუფალი, ნებისმიერ მშობელს შეუძლია დაარეგისტრიროს მოსწავლე მისთვის სასურველ სკოლაში. პირველკლასელთა სასურველ სკოლაში ონლაინრეგისტრაციისათვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. ყველა დარეგისტრირებული ბავშვი 15 სექტემბერს პრეზიდენტისაგან საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს ”ბუკს” მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ბავშვის სკოლაში მიყვანა მშობელს შეუძლია 5 წლის ასაკიდან. პროცესი ნებაყოფლობითია და მშობელი თავად აკეთებს არჩევანს.
2011 წლიდან სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი შეიცვალა და ამისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა. წელს, ცვლილება პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში შევიდა მიზნით-პროცესი კიდევ უფრო გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს.




