NDI

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება NDI-ს კვლევასთან დაკავშირებით

აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება პოლიტიკური გაერთიანებებისა და პოლიტიკური ლიდერების რეიტინგებთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) კვლევასთან დაკავშირებით, რითაც გამოეხმაურა კოალიცია "ქართული ოცნების" მიმართვას. საქართველოში აშშ-ის ელჩისადმი მიმართვაში კოალიციამ გამოთქვა წინადადება საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში NDI-მ და IRI-მ შეწყვიტონ პოლიტიკური რეიტინგების კვლევა.

 საქართველოში აშშ-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არაკომერციული, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 20 წელზე მეტია, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაზე მუშაობს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მეტ ჩართულობასა და მთავრობის ანგარიშვალდებულების ზრდას. მისი პროგრამები დაფინანსებულია სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის, შეერთებული შტატების მთავრობის მიერ. საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 23 მარტს გამოაქვეყნა, აშშ-ის მთავრობას არ დაუფინანსებია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს, მათ შორის, საზოგადოებრივი აზრის კვლევით, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა შეხედულებების გარკვევაში გვეხმარება.

 ამგვარი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ასპექტია იმის განსაზღვრა, თუ რომელი საკითხები აღელვებს საზოგადოებას ყველაზე მეტად. კვლევები პოლიტიკურ პარტიებს ეხმარება, უკეთ უპასუხონ საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს.დარწმუნებულნი ვართ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, აგრეთვე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევები პროფესიულადაა ჩატარებული და ლეგიტიმურ მეთოდოლოგიას ეფუძნება. მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ინფორმაცია და ანალიზი, რომელსაც გვთავაზობს კვლევა და ის, თუ კვლევის შედეგების რა ცალკეულ ასპექტებზე აპელირებენ ინდივიდუალური მედიასაშუალებები, პოლიტიკური პარტიები და სხვა ორგანიზაციები.“

ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში მიაჩნიათ, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე NDI- ს და IRI-ს კვლევების ჩატარება „ ხელს შეუწყობს არა მოქალაქეთა თავისუფალი ნების ფორმირებასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, არამედ ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის გაძლიერებას და სხვადასხვა სახის მანიპულაციებისთვის აღნიშნული ორგანიზაციების ბრენდების კიდევ უფრო მეტად გამოყენებას.”

 

კომენტარები