სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ იური ხაჩატუროვს თბილისში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, სამხედრო განათლების საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. მოგვიანებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გორში გაემგზავრა, სადაც ეროვნული თავდაცვის აკადემია დაათვალიერა. დღესვე, იური ხაჩატუროვმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 28 მარტს ამოიწურა.





