მედიცინა

აშშ-ში სახის ტრანსპლანტაციის ისტორიაში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

აშშ-ის მერილენდის შტატში წარმატებით ჩატარდა სახის ტრანსპლანტაცია. ეს ოპერაცია მიიჩნევა ”ყველაზე მასშტაბურ” ამ ტიპის ქირურგიულ ჩარევად. მერილენდის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელი ალბერტ რისი იმედოვნებს, რომ ოპერაცია შეცვლის მედიცინის მომავალს სახის ტრანსპლანტაციის მიმართულებით.

ოპერაციამდე, 37 წლის რიჩარდ ლი ნორისი 15 წლის მანძილზე განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა. ის ქუჩაში მხოლოდ ნიღბით ჩნდებოდა. მიზეზი იყო უბედური შემთხვევა, რომლის გამოც ნორისს სახე სერიოზულად დაუსახიჩრდა. 15 წლის მანძილზე მან 12 ოპერაცია ჩაიტარა, თუმცა უშედეგოდ. 21 მარტს კი პაციენტს გადაუნერგეს არა მარტო სახე, ასევე: ყბა, ცხვირი, კბილები და ენა. ექიმებმა მიზნად დაისახეს გადანერგილი ორგანოების ფუნქციათა სრული აღდგენა და თან  ესთეტიური შედეგების მიღწევაც. ისინი უკვე დარწმუნებულები არიან, რომ 37 წლის ამერიკელი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. მას უკვე აქვს შეგრძნებები. ექიმების თქმით, ნორისს უკვე აღუდგა 15 წლის წინ დაკარგული ყნოსვაც.

ოპერაციის მომზადებაში და მის წარმართვაში 100-ზე მეტი ექიმი მონაწილეობდა. ამერიკელი ექიმები იმედოვნებენ, რომ მარტში, ჩატარებული წარმატებული ოპერაციის გამოცდილება, მათ დაეხმარებათ ერაყსა და ავღანეთში დასახიჩრებულების მკურნალობისთვის. პენტაგონის ცნობით, მსგავსი ოპერაციის ჩატარება 200-ამდე დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს სჭირდება.

 

კომენტარები