მედიცინა

პირველად ადამიანს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული წარმატებით გადაუნერგეს

აშშ-ში მსოფლიოში პირველად 57 წლის კაცს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. დევიდ ბენეტი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. მას ექსპერიმენტული პროცედურა სამი დღის წინ ჩაუტარეს. ოპერაციას 7 საათი დასჭირდა.

ღორის გულის გადანერგვა ბენეტის სიცოცხლის გადასარჩენად უკანასკნელი იმედი იყო, თუმცა ჯერჯერობით ნათელი არ არის, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ შეიცვლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მერილენდის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა აშშ-ს სამედიცინო მარეგულირებლისგან პროცედურის ჩატარების საგანგებო ნებართვა მიიღეს, რადგან სხვა შემთხვევაში დევიდ ბენეტი მოკვდებოდა. ბენეტი ადამიანის გულის გადანერგვის ოპერაციისთვის შეუფერებლად იყო მიჩნეული. ამ გადაწყვეტილებას ექიმები ხშირ შემთხვევაში მაშინ იღებენ, როდესაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და გულის გადანერგვით მისი სიცოცხლის გახანგრძლივების შანსები ნაკლებია.

ქირურგ ბარტლი გრიფიტის თქმით, ეს ოპერაცია ერთი ნაბიჯით აახლოებს სამყაროს ორგანოების ნაკლებობის კრიზისის გადაჭრასთან. სტატისტიკურად აშშ-ში ორგანოს გადანერგვის მოლოდინში 17 ადამიანი იღუპება. ადამიანებისთვის ცხოველების ორგანოების გადანერგვის შესაძლებლობას მეცნიერები დიდი ხანია, განიხილავენ. ღორის გულს სარქველების ადამიანებისთვის გამოყენება მედიცინაში ნაცადი პრაქტიკაა.

დევიდ ბენეტს იმედი აქვს, რომ გადანერგვის ოპერაცია ცხოვრების გაგრძელების საშუალებას მისცემს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ამ სახის პირველი ოპერაცია იყო, ზუსტად უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ დროისთვის ბენეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ოპერაციისთვის გამოყენებული ღორი ისეა გენმოდიფიცირებული, რომ მისი ორგანოს გადანერგვამ ადამიანში ორგანოს უარყოფის უკურეაქცია არ გამოიწვიოს. 

"ადამიანისთვის ეს არასოდეს გაგვიკეთებია, მაგრამ მინდა ვიფიქრო, რომ უბრალოდ მკურნალობის გაგრძელებაზე უკეთესი ალტერნატივა შევთავაზეთ. მაგრამ ერთი დღე იცოცხლებს, ერთი კვირა, ერთი თვე თუ წელი, ეს არ ვიცი" - თქვა ქირუგრმა ბარტლი გრიფიტმა.

2021 წლის ოქტომბერში ამერიკელმა ქირურგებმა ადამიანს ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. ოპერაცია ნიუ-იორკის საავადმყოფოში NYW Langone Health-ში ჩატარდა. ქირურგებმა გამოიყენეს ისეთი ღორის თირკმელი, რომლის გენებიც შეცვლილია, ღორის ქსოვილი აღარ შეიცავს მოლეკულას, რომელიც ადამიანის სხეულში გადანერგილი ორგანოს უარყოფას იწვევს. 

ღორის თირკმელი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფ პაციენტს გადაუნერგეს, რომელსაც თირკმელების დისფუნქციის ნიშნები ჰქონდა. პაციენტის ოჯახი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მის მოხსნამდე ექსპერიმენტულ ოპერაციას დათანხმდა.

თირკმელის გადანერგვის ოპერაციაში მონაწილე რობერტ მონტგომერის გუნდმა ივარაუდა, რომ ღორის იმ გენის შეცვლით, რომელიც ნახშირწყალბადის, შაქრის მოლეკულის, გლიკანის გამოყოფაზეა პასუხისმგებელი და ორგანოს უარყოფას იწვევს, პრობლემის გადაჭრას შეძლებდნენ.

გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის, GalSafe-ი, United Therapeutics Corp-მა შეიმუშავა. FDA-მ ასეთი ღორის ხორცის მიღება დაამტკიცა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხორცზე ალერგია აქვს. გენმოდიფიცირებული ღორის პროდუქტებმა ცალკეულ შემთხვევებში გამოყენებისთვის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები