საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ევროკავშირისა და ბელარუსიის დაძაბულ ურთიერთობებში გაუარესების ტენდენციას.“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აუცილებლად მიაჩნია სასწრაფოდ განხორციელდეს მაქსიმალური ძალისხმევა პირდაპირი კონტაქტების ინტენსიფიკაციის მიზნით, რათა მოხდეს დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება და შემუშავდეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. „საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში და აღნიშნული ინიციატივის ფორმატში ურთიერთობების შემდგომ გაგრძელებას თითოეულ პარტნიორ ქვეყანასთან როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ განზომილებაში," – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ევროკავშირმა ახლახან დამატებითი სანქციები დაუწესა სირიას, ბელარუსიას და ირანს. შედეგად, ბელარუსიის შემთხვევაში გაფართოვდა იმ პირთა სია რომლებსაც ეკრძალებთ ევროკავშირში მოგზაურობა და რომელთა აქტივებიც გაყინულია. საპასუხოდ მინსკში განაცხადეს, რომ ვერ ხედავენ თებერვლის ბოლოს ქვეყნიდან გაწვეული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების უკან დაბრუნების საჭიროებას.




