საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ”ეროვნული ტრაგედია” უწოდა ქალაქ ტულუზაში, ებრაულ სკოლასთან მოწყობილ თავდასხმას, რომელსაც 4 ადამიანი შეიწირა, მათ შორის 3 ბავშვი. სარკოზიმ მკვლელობის ადგილი მოინახულა.
სამართალდამცავების განცხადებით, სკოლასთან მომხდარსა და გასულ კვირაში ამავე რეგიონში, სამი ფრანგი ჯარისკაცის მკვლელობაში მსგავსი ხელწერა შეინიშნება.
თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულმა პირმა, რომელიც მოტოციკლით მიუახლოვდა სკოლას, კოლეჯის მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა. ისრაელის ხელისუფლებამ ტულუზაში, ებრაულ სკოლასთან მომხდარის გამო შეშფოთება გამოხატა, ამასთან გამოთქვა იმედი, რომ დამნაშავეებს მალე მიაგნებენ და ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.
სამშაბათს, საფრანგეთის სკოლებში წუთიური დუმილით მიაგებენ პატივს ებრაულ სკოლასთან მოკლულებს. ნიკოლა სარკოზის თქმით, სამართალდამცველები ძალისხმევას არ დაიშურებენ დამნაშავის დასაკავებლად და ის პასუხს აგებს უმძიმესი დანაშაულის გამო.




