თსუ

დაზარალებულმა სტუდენტმა არ იცის, იჩივლებს, თუ არა

ტაბულა თსუ-ს მესამე კორპუსთან მომხდარი ინცინდენტის ერთერთ მონაწილეს და დაზარალებულს, ზვიად მამფორიას დაუკავშირდა. დაზარალებულის თქმით, მას აქვს დაზიანებები თავისა და ყელის არეში, ამასთან, გაბზარული აქვს კისრის მალა. ამჟამად სახლში იმყოფება და ათდღიანი წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული.

მამფორია ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, შეიტანს თუ არა საჩივარს მომხდარის გამო. ის ვერ ასახელებს ინცინდენტის მონაწილეთა გვარებს, ამბობს, რომ ”მეგობრებთან ერთად იკვლევს, ვინ არიან”. თუმცა მათ სახეზე ცნობს: ”როგორც აღმოჩნდა, დიდი ალბათობით, თსუ-ს თვითმმართველობის წევრები არიან”.

მისივე თქმით, პოლიციის ადგილზე მოსვლისას, ინცინდენტის მონაწილეები უკვე გაქცეულები იყვნენ. კითხვაზე, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი, ზვიად მამფორია გვპასუხობს: ”როგორც აღმოჩნდა, სტუდენტური ბლოგის გამო. მოვიდნენ და ”მყუდრო” ადგილისკენ წასვლა შემოგვთავაზეს. მე, პირადად, ამ ბლოგთან არანაირი კავშირი არ მაქვს, მეგობრისაა. ის რომ არ წამოვიდა, მე და ჩემი კიდე ერთი მეგობარი ძალადობრივად წაგვიყვანეს მესამე კორპუსის ერთ-ერთ კაბინეტში. იქ სხდომა მიმდინარეობდა, წევრებმა დატოვეს სხდომა და კაბინეტი გათავისუფლდა”

მამფორიასვე თქმით, ინცინდენტის მეორე მხარეს არანაირი დაზიანება არ მიუღია: ”ათ კაცთან წინააღმდეგობის გაწევა ძნელია”.

ცოტა ხანში ტაბულა შემოგთავაზებთ ინტერვიუს სტუდენტური ბლოგის ავტორთან, თორნიკე უსტარიშვილთან.

 

კომენტარები