ნიკოლა სარკოზიმ პირობა დადო, რომ საფრანგეთი შენგენის ზონას დატოვებს, თუ მომდევნო ერთი წლის მანძილზე ევროკავშირი არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლაში პროგრესს ვერ მიაღწევს. პარიზში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას სარკოზიმ თქვა, რომ ევროკავშირს სასწრაფო ზომების აქვს მისაღები პრობლემის დასაძლევად. გასულ კვირაში, თავის სატელევიზო გამოსვლაში ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა ისიც, რომ საფრანგეთში იმიგრანტების რიცხვი უფრო და უფრო მატულობს, შესაბამისად კი რთულდება მათი საზოგადეობაში ინტეგრირების პროცესიც. მაისში ევროკომისიამ უნდა წარმოადგინოს ანგარიში შენგენის ზონის შესახებ.
არალეგალური იმიგრაციის თემას საფრანგეთში წამყვანი ადგილი უკავია საარჩევნო კამპანიაში. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში აპრილის მეორე ნახევარში უნდა გაიმართოს. ნიკოლა სარკოზი ოფიციალურად თებერვალში შეუერთდდა საარჩევნო მარათონს. მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებში სოციალისტების კანდიდატი ფრანსუა ოლანდია. ოლანდის რეიტინგის გათვალისწინებით, ვარაუდობენ, რომ სარკოზის პრეზიდენტობისთვის წინ სერიოზული ბრძოლა ელის და გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.





