მოსკოვი

რუსეთის ეკლესია Pussy Riot-ის მხარდამჭერთა ზეწოლას არ უფრთხის

რუსული ფემინისტური პანკ ჯგუფის Pussy Riot-ის დაკავებულ წევრებს მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა, მათ შორის - მორწმუნე მართლმადიდებლებიც. ისინი მიიჩნევენ, რომ ჯგუფის წევრები ზედმეტად მკაცრად ისჯებიან.

ეკლესიის მეთაურებს, საქმის დახურვის თხოვნით, პეტიციით მიმართა ლიდია მონიავამ, მართლმადიდებელმა ქრისტიანმა და საქველმოქმედო ორგანიზაციის მუშაკმა. პეტიციაში ნათქვამია, რომ ჯგუფის საქციელი დაუშვებელი იყო, მაგრამ რეაქცია, რომელიც ამას მოყვა, კიდევ უფრო აუტანელია.

დაკავებული გოგონების გათავისუფლებას მოითხოვს პუტინის საწინააღმდეგო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსეი ნავალნიც. იგი მიიჩნევს, რომ მოქმედება სულელური იყო, თუმცა არა საშიში.

დაკავებულების მიმართ დიდი მხარდაჭერა გამოიხატა გუშინ მოსკოვში გამართულ პუტინის საწინააღმდეგო მიტინგზეც, სადაც ნახავდით ტრანსფარანტებს წარწერებით „Pussy პუტინის წინააღმდეგ“, „Pussy Riot ევროვიზიაზე“ და სხვა.

თავის მხრივ, პოზიციებს არ თმობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. გუშინ რუსეთის ეკლესიის სინოდის ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ვსევოლოდ ჩაპლინმა რადიო ეხო მოსკვის განუცხადა, რომ ეკლესია  ამ ზეწოლის გამო უკან არ დაიხევს და კვლავ მოითხოვს პანკ-ჯგუფის წევრების დასჯას მათი საქციელის გამო.

შეგახსენებთ, რომ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულია Pussy Riot-ის ორ სავარაუდო წევრი - მარია ალეხინა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვა. მათ 7 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

 

კომენტარები