არჩევნები რუსეთში

Sky News რუსეთში არჩევნების გაყალბების სქემის შესახებ

რუსეთის საჯარო სამსახურის მოხელეებს ვლადიმერ პუტინისთვის ხმის რამდენჯერმე მიცემისთვის ფინანსურ ჯილდოს შეჰპირდნენ, ამის შესახებ Sky News-ი, საკუთარ ინფორმატორზე დაყრდნობით წერს.

4 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რომელშიც გამარჯვებას ახლანდელი პრემიერ-მინისტრს და ყოფილ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უწინასწარმეტყველებენ. Sky News-ის ვარაუდით ეს არჩევნები, პუტინის სასარგებლოდ, მასობრივად გაყალბდება.

პუტინის გარდა კენჭს იყრიან კომუნისტური პარტიის კანდიდატი გენადი ზიუგანოვი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი, დამოუკიდებელი კანდიდატი მიხაილ პროხოროვი და სამართლიანი რუსეთის კანდიდატი სერგეი მირონოვი.

Sky News-ის ინფორმატორის თქმით, გაიცა ბრძანება მოსკოვში კომუნალურ სააგენტოებში მომუშავე მოხელეებმა ,თითოეულმა 5 ხმა მისცეს ვლადიმირ პუტინს, სანაცვლოდ კი თითოეული მოხელე 200 ევროს მიიღებს.

”რადგან თითოეულ საარჩევნო უბანზე რამდენიმე დამკვირვებელი იქნება წარმოდგენილი, ძველი მეთოდი (ავტობუსებით ადამიანების დიდი ჯგუფის სხვადასხვა უბანზე მიყვანა) აღარ გამოდგება. ახალი მეთოდით ადამიანების უფრო დიდი რაოდენობა მიიღებს არჩენების გაყალბებაში მონაწილეობას და ისინი მცირე ჯგუფებად იქნებიან დაყოფილი,” - მოჰყავს Sky News -ს საკუთარი ინფორმატორის განმარტება და იმ ადამიანების სიასაც იმოწმებს, რომლებიც ამ ოპერაციაში მონაწილეობას დათანხმდნენ.

სქემის მიხედვით, თითოეული მოხელე 5 სხვადასხვა უბანზე დარეგისტრირდება ”არადამსწრე ამომრჩევლის” ფორმით. ლეგალურად, ასეთი ფორმები გამოიყენება იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სამუშაო მიზეზების გამო ვერ ახერხებენ მათთვის განკუთვნილ საარჩევნო უბანზე მისვლას.

ამავდროულად, ოპოზიციურმა ჯგუფმა სოლიდარობამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ქალი ”არადამსწრე ამომრჩევლის” ფორმის ყიდვას ცდილობს. ჯგუფის თქმით, აღნიშნული ფორმებით ვაჭრობა ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა.

ვლადიმირ პუტინმა წინასწარ გააკეთა განცხადება არჩევნების მოსალოდენლი გაყალბების შესახებ და ოპონენტები პროვოკაციაში დაადანაშაულა: ”ჩვენი ოპონენტები ემზადებიან უკვე ნაცნობი მეთოდების გამოსაყენებლად, ისინი თავად ჩაყრიან რამდენიმე საარჩევნო ბიულეტენს, ამას გადაიღებენ და ჩვენ მხარდამჭერებად გაასაღებენ”.- განაცხადა მან.

 

კომენტარები