სირია

გაერო: სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 7500-ს მიაღწია

გაეროს პოლიტიკური საქმეების მთავარმა ოფიცერმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ სირიაში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7500-ს მიაღწია. მისივე მტკიცებით, არსებობს სანდო მტკიცებულებები, რომ ყოველდღიურად ძალადობის შედეგად 100 მოქალაქე იღუპება. დევნილების რიცხვი კი 100-200 ათასს შორის მერყეობს. 25 ათასმა ადამიანმა თავი მეზობელ ქვეყნებს შეაფარა.

გაეროს ადამიანის უფლებების კომისარმა ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე სირიაში მიმდინარე მოვლენებს ,,შემზარავი“ უწოდა. მან პრეზიდენტ, ბაშარ ასადს ,,ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებელი გამოცხადებისკენ“ მოუწოდა. ასევე, მან სირიის მთვრობისგან ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების და ჰუმანიტარული ჯგუფის შეშვება მოსთხოვა.

სირიაში დაპირისპირებებმა იმატა. სამთავრობო ძალებმა თავდასხმები გააძლიერეს ჰომსსა და ოპოზიციის სხვა დანარჩენ დასაყრდენ რეგიონებზე.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების საბჭომ ჟენევაში სირიის ძალადობის დამგმობი რეზოლუციის პირველი ვერსია განიხილა.

 

კომენტარები