სირიის კრიზისი

სირიიდან ბრიტანელი ჟურნალისტი გამოიყვანეს

ბრიტანულმა Sunday Times-მა დაადასტურა მისი ფოტოგრაფის, პოლ კონროის სირიიდან გამოყვანისა და ლიბანში გადაყვანის ინფორმაცია. რეპორტიორი გასულ კვირას სარიის შეიარაღებული ძალების მიერ ბაბა ამროზე შეტევისას ფეხში  დაიჭრა. რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეო სიუჟეტში კონროი აცხადებდა, რომ მას სამედიცინო დახმარება თავისუფალი სირიის არმიის პერსონალმა აღმოუჩინა.

მასთან ერთად დაშავდა ფრანგული Le Figaro-ს ჟურნალისტი, ედიტ ბუვიე. მართალია, მანამდე იუწყებოდნენ, რომ კონროისთან ერთად მანაც ლიბანს შეაფარა თავი, თუმცა   მისი ადგილსამყოფელის დადგენა  გართულდა.

პარალელურად, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ ჟენევაში შეხვედრისას სირიას ჰუმანიტარული კრიზისის დასრულებისკენ მოუწოდა. მისი ხელმძღვანელის მტკიცებით, სირიის სამხედროები აპატიმრებენ აჯანყებულებს, მოქალაქეებს კი საკვებზე, წყალსა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებათ. საფრანგეთმა საბჭოს წევრ 47 ქვეყანას ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე სირიის წინააღმდეგ საქმის აღძვრა შესთავაზა.

ბოლო კვირის განმავლობაში სირიის მთავრობამ გააძლიერა შეტევები რამდენიმე ქალაქზე. დასავლეთის ჟურნალისტები სწორედ ამ იერიშების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. დაიღუპა ამერიკული Sunday Times-ის ჟურნალისტი მარი კოლვინი და ფრანტი ფოტოჟურნალისტი, რემი ოჩლიკი.

კომენტარები