მსოფლიოში სახელგანთქმული პოლონელი კომპოზიტორი კშიშტოფ პენდერეცკი გაუგებრობაში აღმოჩნდა საკუთარი გარეგნობის გამო. მოსკოვის დიდ თეატრში შეკრებილ პუბლიკას ის რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეში, ვლადიმირ ჩუროვში აერია და ჩუროვისთვის განკუთვნილი რეპლიკებიც პენდერეცკისკენ მიმართა.
„ოქროს მასკა“ ამ სახელწოდების ფესტივალის ფარგლებში, დიდ თეატრში მისულები ეწრებოდნენ ოპერას „მკვდარი სულები“, როცა დაბრაზიდან ვიღაცამ ზედიზედ ორჯერ დაიყვირა: „ ჩუროვ! რატომ ვაჭრობ მკვდარი სულებით?!“ მოგვიანებით იყო კიდევ ერთი შეძახილი: „ ჩიჩიკოვი დღევანდელი ჩუროვია!“ რუსული მედიის ცნობით, შეძახილებს დარბაზში ახლდა სიცილი და ოვაციები იმ მიმართულებით, სადაც კშიშტოფ პენდერეცკი იმყოფებოდა. პოლონელი კომპოზიტორი ლოჟაში გაკვირვებული იდგა და ცხადი იყო ვერ გაეგო რაში იყო საქმე.
ამ კურიოზს ფესტივალის ორგანიზატორებიც გამოეხმაურნენ. „ოქროს მასკამ“ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ძვირფასო მეგობრებო, დიდ თეატრში, სპექტაკლ „მკვდარი სულების“ მიმდინარებისას, ზოგიერთმა მაყურებელმა დირექტორთა ლოჟაში მყოფი პოლონელი კომპოზიტორი კშიშტოფ პენდერეცკი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ვლადიმირ ჩუროვად აღიქვა. ეს ორი ადამიანი მართლაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს , მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ლოჟაში კომპოზიტორი პენდერეცკი იმყოფებოდა.“
კშიშტოფ პენდერეცკის შემოქმედებას კარგად იცნობენ არა მარტო ოპერისა და სიმფონიური მუსიკის მოყვარულები, მისი მუსიკა ცნობილია ისეთი ფილმებიდან როგორიცაა სტენლი კუბრიკის „ნათება“, ანჟეი ვაიდას „კატინი“, მარტინ სკორსეზეს „დაწყევლილთა კუნძული,“ დევიდ ლინჩის „შინაგანი იმპერია“, სერიალი „ საიდუმლო მასალები“ და ასე შემდეგ.




