ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის პრინციპულად მიუღებელია სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში გარეშე ძალების ჩარევა.
რუსეთის მედიაში გამოქვეყნებულ საპროგრამო სტატიაში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წამოწყება კატასტროფული შედეგების იქნება.
რაც შეეხება სირიას, პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ აშშ და სხვა სახელმწიფოები არ იმოქმედებენ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების გარეშე. ” არ შეიძლება დავუშვათ ლიბიის სცენარის განმეორება სირიაში,” - აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.
პუტინმა შეფასება მისცა ”არაბულ გაზაფხულად” წოდებულ მოვლენებსაც. თავის სტატიაში ის წერს: ”შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტი, სოციალური ქსელები, მობილური კავშირგაბმულობა გახდა ეფექტიანი იარაღი, როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკის წარმოებისთვის. ეს ახალი ფაქტორი დაფიქრებას საჭიროებს, რათა შემცირდეს ტერორისტების მიერ ამ მეთოდებით სარგებლობის რისკი.” პუტინმა აღნიშნა, რომ ეს მეთოდები ხშირად გამოიყენება ”ექსტრემიზმის, სეპარატიზმის, ნაციონალიზმის” წასახალისებლად და დასძინა, რომ ერთმანეთისგან განსასხვავებელია სიტყვის თავისუფლება , ასევე ნორმალურ პოლიტიკური აქტივობა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. აქ რუსეთის პრემიერმა გარეშე ძალების საკითხი წამოწია. თქვა, რომ მისასალმებელია ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდო არასამთავრობო სტრუქტურების აქტიურობა ვითარების დესტაბილიზაციისთვის. პუტინმა დასძინა, რომ სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე თუ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მცდელობები ღიად რომ ხდებოდეს , მაშინ მოთამაშეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ საკუთარ ქმედებებს.
ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობას ხელს უშლის აშშ-ის მუდმივი მცდელობები დაკავდეს პოლიტიკური ექსპერიმენტებით, მათ შორის რუსეთისთვის ”ტრადიციულად მნიშვნელოვან” რეგიონებში.




