ტალინის აეროპორტში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი, ესტონეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ალექსეი დრესენი მეუღლესთან ერთად დააკავეს. გავრცელებული ცნობით, დრესენი დააკავეს მას შემდეგ, რაც საკუთარ მეუღლეს, რომელიც მოსკოვში მიფრინავდა, სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საქაღალდე გადასცა.
გამოძიება ვარაუდობს , რომ ალექსეი დრესენი მეუღლეს კურიერის რანგში იყენებდა , დავალებებს კი უშუალოდ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურიდან იღებდა. ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადგილი აქვს რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობის გააქტიურებას. სააგენტო როიტერსის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა ესტონეთის ხელისუფლების ბრალდებაზე.




