ისრაელის შეიარაღებული ძალების სარდალმა ბენი განტცმა შაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ მიიტანოს თუ არა იერიში ირანზე, ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად. საგულისხმოა, რომ ეს განმარტება ისრაელში, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ტომ დონილონის ვიზიტისას გაკეთდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დონილონი ისრაელში ჩავიდა ამ ქვეყნის ხელისუფლების დასარწმუნებლად - ირანთან მიმართებით არ მიიღოს ცალმხრივი გადაწყვეტილება.
შაბათს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ უფრო გაამკაცროს ირანის მიმართ სანქციები, მისი ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად.
გავრცელებული ცნობებით, ირანმა შესაძლოა ურანის გამდიდრების სამუშაოები მიწისქვეშა რეაქტორში გააგრძელოს, რისთვისაც მიწისქვეშა რეაქტორზე ცენტრიფუგებს დაამონტაჟებენ. რამდენიმე დღის წინ ირანმა საზეიმოდ აღნიშნა ახალი თაობის ცენტრიფუგების წარმოებაში გაშვება, რომელთა გამოყენებაც კიდევ უფრო დააჩქარებს ურანის გამდიდრების პროცესს.




