"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გორში დაკავებული მხარდამჭერების საქმეზე სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას ითხოვს . ირაკლია ალასანიამ დღეს გორის პოლიცის შენობასთან განაცხადა, რომ ”მომავალ არჩევნებში დამარცხებით შეშინებული ხელისუფლება აგრძელებს ტერორის ტალღას.” ალასანიამ აღნიშნა, რომ ადგილი აქვს ”თავისუფალი-დემოკრატების” მხარდამჭერების დაშინების მცდელობას.
ირაკლი ალასანია გორში ჩასვლით, სოფელ მერეთში, ” თავისუფალი-დემოკრატების” წარმომადგენლის გოდერძი მახარაშვილის შვილის, ელგუჯა მახარაშვილის და მისი მეგობრების: ჯაბა და აკაკი ელიაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა განაცხადა, რომ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები დიდი ხანია ემუქრებოდნენ მახარაშვილს, რომ თუ არ დაანებებდა თავს კრიტიკული აზრის გამოხატვას და "თავისუფალ დემოკრატებთან" თანამშრომლობას, მაშინ მის ოჯახს პრობლემები შეექმნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტოში კი განმარტეს, რომ ელგუჯა მახარაშვილი და მისი მეგობრები გორის რაიონში მცხოვრები გიორგი გლახაშვილის ცემის ფაქტზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: ” მიმდინარე წლის 16 თებერვალს სოფელ მერეთში მცხოვრებმა აკაკი კონსტანტინეს ძე ელიაშვილმა, ელგუჯა გოდერძის ძე მახარაშვილმა და ჯაბა ბეგლარის ძე ელიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გორის რაიონის სოფელ კოშკაში მცხოვრებ გიორგი გლახაშვილს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი სახის და თავის არეში მიყენებული მძიმე ტრამვებით გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. აღსანიშნავია რომ გლახაშვილის ცემის ფაქტს შეესწრო 1994 წელს დაბადებული მერაბ გუგუტიშვილი რომელიც შეეცადა გაეშველებინა მოჩხუბრები, ამ დროს აკაკი ელიაშვილმა, ჯაბა ელიაშვილმა და ელგუჯა მახარაშვილმა მისი მისამართითაც გამოიჩინეს აგრესია, წააქციეს მიწაზე და დაუწყეს წიხლებით ცემა, რა დროსაც მერაბ გუგუტიშვილმა დაკარგა გონება. ”
შსს განმარტავს, რომ 2012 წლის 17 თებერვალს აკაკი ელიაშვილი, ელგუჯა მახარაშვილი და ჯაბა ელიაშვილი დააკავეს და წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხულიგნობა). დაკავებულთაგან, ჯაბა ელიაშვილი წარსულში ნასამართლევია - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.




