განათლება

ახალი სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის

მოზარდებს შორის სამართალდარღვევათა პრევენციის მიზნით, „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა“ სახელმძღვანელო „ჩემი უფლებები და მოვალეობები“ შექმნა.

ახალი სახელმძღვანელო განკუთვნილია 14-18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებისათვის. სახელმძღვანელოს შექმნის მიზანია მოზარდებს შორის სამართალდარღვევათა პრევენცია, მათი ცნობიერების ამაღლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე მათ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წიგნში საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, პოპულარულ ენაზე და პრაქტიკული მაგალითების თანხლებით გადმოცემულია, თუ რა უფლებები და მოვალეობები აქვთ მოზარდებს გარკვეული ასაკის მიღწევისას, როგორ იცავს კანონი მათ უფლებებს ხელყოფისაგან და როგორია მათი პასუხისმგებლობა სამართლადარღვევების დროს. ყურადღება გამახვილებულია არასრულწლოვანთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებულ სამართალდარღვევებზე.

წიგნში შეტანილია უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის ნორმები, რომლებიც არასრულწლოვანებს ეხებათ. წიგნის გამოიცა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის „სკოლის მოსწავლეთა - არასრულწლოვანთა უფლებები და მოვალეობების“ ფარგლებში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი.

 

კომენტარები