მედიცინა

სინუსური ინფექციისას ამოქსიცილინს პლაცებოს ეფექტი აქვს

სინუსური ინფექციის დროს გამოჯანმრთელებისთვის  ან სიმპტომების შემცირებისთვის  ანტიბიოტიკ ამოქსიცილინს ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც პლაცებოს - ნათქვამია 15 თებერვალს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ ჩაატარა.

კვლევის ერთერთი ავტორი, პროფესორი ჯეინ გარბუტი მიიჩნევს, რომ ადამიანები ანტიბიოტიკებს წინდაუხედავად მოიხმარენ. მისივე თქმით, კვლევა ექიმებს პაციენტთა დასარწმუნებლად გამოადგებათ - სინსუსური ინფექციის დროს ანტიბიოტიკის მიღება აუცილებელი არაა.

კვლევის ფარგლებში 166 მწვავე სინუსური ინფექციის მქონე ზრდასრული პაციენტის მონაცემები შეისწავლეს. მათ შორის არ მოხვდნენ ქრონიკული სინუსიტისა და სერიოზული გართულებების მქონე პირები.

მკვლევრები პაციენტების ერთ ნაწილს 10 დღის მანძილზე უტარებდნენ ამოქსიცილინის მკურნალობის კურსს, ნაწილს კი - პლაცებოს აძლევდნენ. ამასთან, ორივე ჯგუფს ასმევდნენ ტკივილგამაყუჩებლებსა და სიცხის დამწევ მედიკამენტებს. მკურნალობის მეათე დღეს, ორივე ჯგუფიდან 10-დან 8 ადამიანი სრულად გამომჯანმრთელდა, ან სიმპტომები მნიშნველოვნად შეუმცირდა.

კვლევის ავტორები ექიმებსა და პაციენტებს ურჩევენ, პირდაპირ ანტიბიოტიკის კურსის დაწყების ნაცვლად, უმკურნალონ სიმპტომებს - ტკივილს, მაღალ ტემპერატურას, ხველებას. ამასთან, დააკვირდნენ სიტუაციას იმის სანახავად, საჭიროა თუ არა მომდევნო მკურნალობა.

 აშშ-ში 5-დან 1 შემთხვევაში სინუსიტს ანტიბიოტიკით მკურნალობენ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აწარმოებს კამპანიას, რომელიც ადამიანებს წამლების უფრო წინდახედულად მოხმარებისკენ მოუწოდებს. კამპანიის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ანტიბიოტიკების ხშირი მოხმარება ბაქტერიებს ანტიბიოტიკის წინააღმდეგ რეზისტენტულობას უმუშავებს. ამრიგად, კვლევის მიზანი იყო დაედგნა, ეფექტურია თუ არა წამლების ასე მოხმარება. როგორც შედეგმა აჩვენა - არა.

 

კომენტარები