
„ნახევარი საათით ადრე უნდა ავდგე დილას და ვივარჯიშო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, რომ ნამდვილი მანდილოსანი გავხდე, თუ მეკობრეობა გადავიფიქრე”, – თქვა ერთხელ პეპი გრძელიწინდამ. საბრალო – ის ხომ არასოდეს გამოირჩეოდა კარგი ჩაცმულობითა და ქცევებით. ამის გამო უფროსებისგან მუდამ საყვედურს იღებდა. ეს უფროსები კი, როგორც ანტუან სენტ-ეკზიუპერი ამბობს თავის ცნობილ წიგნში, ძალიან უცნაური ხალხია. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ცდილობენ, ბავშვები მათ დაემსგავსონ. აბა, რა წესია, გეცვას ხუთი ზომით დიდი ფეხსაცმელი, ან სხვადასხვა ფერის წინდები, აწარმოო თეთრი და ალისფერი ვარდების ომი ბიჭებთან ერთად, ტალახში ირბინო და ხის ფუღუროში იძრომიალო?

ამერიკულ სატელევიზიო შოუში – „ჭორიკანა” – არის ეპიზოდი: მთავარ გმირს პარკში სეირნობის დროს სამი პატარა გოგონა ხვდება, რომლებიც საოცრად ჰგვანან მას, არა მხოლოდ ჩაცმულობის სტილით, ქცევითაც კი. მიიჩნევა, რომ It Girl-ის ფენომენი ბავშვებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც. ახლახან ბავშვების მოდასა და სამოსთან დამოკიდებულების უკეთ შესწავლის მიზნით, ლესტერის უნივერსიტეტის სოციოლოგმა, ჯეინ პილჩერმა კვლევა ჩაატარა. მისი ობიექტები ხუთიდან თორმეტ წლამდე ბავშვები იყვნენ, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, საოცრად კარგად ერკვევიან მოდასა და აქტუალურ ტენდენციებში. ამ სფეროთი მათი ასეთი დაინტერესება კი, პილჩერის აზრით, სამი ძირითადი ფაქტორითაა გამოწვეული: ოჯახით, თანატოლების ზეწოლითა და ცნობილი, ე.წ. სელებრითი ადამიანების გავლენით.
უკანასკნელი თაობა მხოლოდ დიდებს არ ბაძავს. ამისთვის მათ თანატოლი კერპებიც ჰყავთ, რომლებსაც ასევე ცოტა აქვთ საერთო ჩვეულებრივ მოზარდებთან. კინგსტონ როსდეილი (გვენ სტეფანის ბიჭი), რომელიც ჯერ ექვსი წლისაც არ არის, უკვე ბავშვთა მოდის კანონმდებლად ითვლება. ის გაცილებით უკეთ არის ჩაცმული, ვიდრე ჯონი დეპი, დიზაინერების უკანასკნელი კოლექციებიდან სამოსს კი უფრო თავდაჯერებულად ატარებს, ვიდრე ამას რობერტ პატინსონი მოახერხებდა. ახალ ტრენდსაც ამკვიდრებს – მუქად შეღებილ ფრჩხილებს. კინგსტონს პოპულარობით არ ჩამოუვარდება სური კრუზიც (ტომ კრუზისა და კეტი ჰოლმსის გოგონა), რომელსაც უკვე fashion icon-ის სტატუსი აქვს და ექსკლუზიურ სამოსს იცვამს. ამის წყალობით ამერიკულ The Daily Beast-ზე ის 2011 წლის ყველაზე გავლენიან ბავშვად დაასახელეს.

ნაბოკოვს ალბათ ვერ დავაბრალებთ ტენდენციისთვის საფუძვლის ჩაყრას – მისი პერსონაჟი ყოველთვის უფრო თანაგრძნობას იწვევდა, ვიდრე აღტაცებას. ბავშვის სექსუალიზაციის მცდელობა მოგვიანებით, 1975 წელს ფოტოგრაფ გარი დონალდ გროსს ჰქონდა. მან 10 წლის ბრუკ შილდსს აბაზანაში ეროტიკული ხასიათის ფოტოები გადაუღო. ამ ფოტოებსა და შილდსის პერსონაჟთან ფილმში „ლამაზი ბავშვი” ასოციაცია მართლაც შეიძლება გაგვიჩნდეს, როცა Vogue-ის ზემოთ ნახსენებ ფოტოსესიას ვათვალიერებთ. განსხვავება ისაა, რომ 
პილჩერს შეიძლება არ დავეთანხმოთ. სამოსი ათასწლეულების წინაც იყო საზოგადოების ინტერესის საგანი, თუმცა არავის უცდია ბავშვისგან მოდის მსხვერპლი შეექმნა. ბოლოს და ბოლოს, პატარებსაც აქვთ მოთხოვნილება კარგად ეცვათ, რაც ბუნებრივად იწვევს მათ დაინტერესებას მოდური სამოსით. ოღონდ, გაუგებარია, კაბა მოშიშვლებული მხრებით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ან დაბალწელიან შარვალში ამოჩრილი სტრინგი რატომ შეიძლება იქცეს კარგად ჩაცმის ეკვივალენტად ექვსი წლის ბავშვისთვის? დიდები მართლა უცნაური ხალხია. ისინი თან პედოფილიის წინააღმდეგ ილაშქრებენ, თან ბავშვების ახალ, სექსუალურ ამპლუაზე თვალს ხუჭავენ. პეპის რომ ტომ ფორდის ფოტოსესია ენახა, როგორც არასდროს, ისე დაბეჯითებით იტყოდა: „როცა დიდი გავიზრდები, მეკობრე გავხდები... თქვენ?” თანამედროვე ბავშვი კი ვერაფერს უპასუხებდა. ის ხომ უკვე გაიზარდა დიდი.





