საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” და ორგანიზაცია ESL certified – Banaoco International-ს შორის შეთანხმება შედგა. აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს დელეგაციამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ESL certified – Banaoco International-ი უზრუნველყოფს პროექტის შესახებ უცხოელი მოხალისეების ინფორმირებას და მსურველებს დახმარებას გაუწევს ჩაერთონ პროგრამაში ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად.” ორგანიზაცია აგრეთვე, გადაამზადებს მსურველებს ინგლისურ ენაში და სერტიფიცირებულ მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს, საქართველოში ასწავლონ.
საქართველოში ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს კანადურ, ამერიკულ და ბრიტანულ ორგანიზაციებთან. პროექტი ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ უკვე მეორე წელია წარმატებით მიმდინარეობს. მის ფარგლებში, ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად ასწავლიან.




