საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი განახორციელა ქუთაისის მე-2-ე და გეგუთის მე-14 -ე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ჯგუფის წევრები გაესაუბრნენ პატიმრებს, დაწესებულებების თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს. ძირითადი აქცენტი გაკეთდა პატიმრებთან მოპყრობის საკითხებზე. სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ კვლავ ქუთაისის 2-ე დაწესებულება აღმოჩნდა.
”წინა მონიტორინგის დროს აქ გამოვლენილ არასათანდო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ დამდგარა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გამოძიება ეფექტურად და გონივრულ ვადებში წარიმართება. “- ნათქვამია იმერეთის რეგიონში ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშში. მასში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მოჰყავთ ქუთაისის მეორე დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების განმარტებები მათდამი დაწესებულების თანამშრომლების უხეში მოპყრობის შესახებ. პატიმრებმა განმარტეს, რომ ნებისმიერი კონტაქტი დაწესებულების თანამშრომლებთან შეიძლება მათი მხრიდან კონფლიქტის და შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს . პატიმრების თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში გამოიყენება კოლექტიური დასჯის მეთოდებიც -ერთი პატიმრის გადაცდომისთვის ისჯება მთელი საკანი. თუმცა, ”აღსანიშნავია, რომ წინა მონიტორინგისგან განსხვავებით შეწყდა პატიმრების მოთავსება ე.წ. ,,ბოქსებში“ – 2–3 კვ.მ. ფართობის სათავსოებში, სადაც არც საწოლია და არც სკამი და იქ მოთავსებულ პირებს პირდაპირ ბეტონის იატაკზე უწევთ ძილი.”- აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში. იქვე , პატიმართა მონათხრობით, აღწერილია მდგომარეობა ქუთაისის მე-2-ე დაწესებულების კარანტინის საკანში. პატიმრებმა მონიტორიგნის მიმდინარეობისას აღნიშნეს, რომ კარანტინის საკანში, დამცირების მიზნით, დილის ,,შემოწმებისას“ გაშიშვლებას აიძულებდნენ, საწოლიდან წამებში არ ან ვერ წამოდგომის შემთხვევაში კი სჯიან.
ანგარიშის თანახმად, გეგუთის მე-14-ე დაწესებულებაში მონახულებული მსჯავრდებულებისგან არცერთს არ გამოუთქვამს პრეტენზია დაწესებულების თანამშრომელთა მიმართ. პატიმართა გადმოცემით, მათთვის ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაწესებულებიდან არ იგზავნება არანაირი სახის საჩივარი და განცხადება. რაც შეეხება ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, მსჯავრდებულთა თქმით, დაწესებულების დირექტორი რეგულარულად მიდის მათ მოსანახულებლად, ესაუბრება და ცდილობს დახმარებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მონიტორინგის დროს არცერთი მსჯავრდებული არ ყოფილა განთავსებული სამარტოო საკნებში და კარანტინში.




