სირია

ლავროვი ბაშარ ალ-ასადს შეხვდა

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ -ასადმა დაარწმუნა რუსეთის წარმომადგენლები, რომ ის მზადაა ბოლო მოუღოს ძალადობას სირიის ჯარსა და საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს შორის. მათ მოჰყავთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ ასადი მზადაა ქვეყნის პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებისთვის.

ლავროვი სირიაში, რუსეთის პრეზიდენტის დავალებით, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ ფრადკოვთან ერთად  ჩავიდა. მანამდე კი რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადეს, სირიის საკითხზე  არაბული ქვეყნების ლიგის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს. აღნიშნულის გამო რუსეთი და ჩინეთი გაეროში აშშ-ს ელჩმა სირიელი ხალხის გაყიდვაში და ”მშიშარა ტირანის” მფარველობაში დაადანაშაულა.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ამ კვირის ბოლოს შეიძლება მიიღოს განცხადება სირიაში სიტუაციის შესახებ.  განცხადებაში აღინიშნება, რომ სირიაში ხელისუფლების შეცვლა ამ ქვეყნის მოსახლეობის საქმეა და არა არაბული ქვეყნების ლიგის ან  რომელიმე სხვა გაერთიანების.

სირიიდან გავრცელებული ცნობებით, ქალაქ ჰომსში, მეამბოხეთა პოზიციებზე სამთავრობო ძალების შეტევის შედეგად ორშაბათს, 80 -მდე ადამიანი დაიღუპა. ასადის ძალებმა ცეცხლი საცხოვრებელი უბნების მიმართულებით გახსნეს.

 

კომენტარები