საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს გამოძიება საჩხერეში 13 იანვარს მომხდარ ინციდენტზე.
საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 13 იანვარს, ქ.საჩხერის კულტურის სახლთან გამართულ კონცერტზე, მოქალაქე დავით კიკნაძე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
2012 წლის 26 იანვარს, სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ დ. კიკნაძეს. ის ირწმუნება, რომ 13 იანვარს, საჩხერის კულტურის სახლთან გამართულ კონცერტზე მან ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი შეძახილი გააკეთა , უცნობმა პირებმა კი ამის შემდეგ, ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს. კიკნაძე აცხადებს, რომ ამოიცნო მანქანაში მყოფი ერთ-ერთი პირი და ის შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი უნდა იყოს.




